საქართველოს ორი მოქალაქის სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს 48 000 ევროს გადახდა დააკისრა

​საქართველოს ორი მოქალაქის სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს 48 000 ევროს გადახდა დააკისრა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. განცხადება ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ 2017 წლის 1-ელ ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
2017 წლის 1-ელ ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე − „მამუკა ნოზაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „დავით მინდაძე და ვალერიან ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“ − გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქმე „მამუკა ნოზაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ეხება 2005 წლის 3 ნოემბერს ადვოკატ მამუკა ნოზაძის დაკავებისა და მისი შემდგომი პატიმრობის შედეგად მომჩივნის პრეტენზიებს, ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლის საფუძველზე. 2017 წლის პირველ ივნისს გამოტანილი განჩინებით, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტაცია და მომჩივნის ყველა პრეტენზია მიუღებლად გამოაცხადა. რაც შეეხება საქმეს − „მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ“, ის ეხება წინა ხელისუფლების მიერ მომჩივნების − დავით მინდაძისა და ვალერიან ნემსიწვერიძის − მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებას, მათ შორის, წამებასა და უკანონო პატიმრობას.
“საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ორივე მომჩივანი დააკავეს 2004 წელს და ბრალი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრთან (კ.გ.) დაკავშირებულ თავდასხმაში. ეროვნულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო, მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის. საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა: კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) დარღვევა ეხება 2004 წლის 13 მაისს პოლიციელების მიერ მომჩივან მინდაძის წამებას (სასტიკი ცემა და ელექტროშოკის გამოყენება). მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდა, აგრეთვე, 2004 წლის 13 მაისის წამების ფაქტის გამოძიების არაეფექტიანობის გამო. მე-5 მუხლის (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების წინასწარ პატიმრობას 2005 წლის 13 იანვრიდან 2005 წლის 7 ივნისამდე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამავე მუხლის მესამე პუნქტის დარღვევა ეხება 2004 წლის 10 ნოემბრის და 2005 წლის 7 ივნისის პატიმრობის შესახებ განჩინებების დაუსაბუთებლობას. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ეხება მომჩივნების სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, რაც გამოიხატა მომჩივან მინდაძისაგან აღიარებითი ჩვენებისა და სხვა განცხადებების წამების გზით მოპოვებით. ასევე, მომჩივნების უფლების დარღვევით, ესარგებლათ მათი არჩეული ადვოკატის მომსახურებით სამართალწარმოების საწყისი ეტაპიდან. სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28.000 ევროს გადახდა მინდაძის და 16.000 ევროს გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, ასევე, 4.800 ევროს გადახდა ორივე მომჩივნის სასარგებლოდ ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად”,- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები