სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი: საქართველოს საზღვარი მაქსიმალურად არის დაცული

„ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ალბათობა, რომ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთოს ე.წ. მწვანე საზღვარი”, – ამის შესახებ ჟურნალსიტებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, დათო ნიკოლეიშვილმა შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
შს სამინისტროში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრა, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გაიმართა, უკვე დასრულდა. ამასთან, დათო ნიკოლეიშვილი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველოს საზღვარი მაქსიმალურად არის დაცული. მისივე თქმით, გამოძიება აქტიურ ფაზაშია და მიმდინარეობს ყველა ის მოქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
”აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ შევხვდით დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაც გამოძიებასთან დაკავშირებით მივაწოდეთ შუალედური ინფორმაცია. გამოძიება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ყველა ის მოქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. მინდა ვთქვა, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია საზოგადოებაში, სულ მცირე, უტრირებულია. ჯერ ძალიან ადრეა ისეთი უაპელაციო განცხადებების გაკეთება, რომ საქართველოში რომელიმე ოფიციალურმა ჯგუფმა გაიტაცა მოქალაქე. ეს მხოლოდ ემსახურება იმას, რომ მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს საზღვარი დაცულია მაქსიმალურად, დასავლური სტანდარტების თანახმად. ეს სტანდარტები პოლიციურ პატრულირებას მოიცავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეორიულად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის რისკები არ არსებობს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ალბათობა, რომ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთოს ე.წ. მწვანე საზღვარი”, – განაცხადა დათო ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს შსს-ში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. უცხოელ დიპლომატებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები – იოსებ გოგაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე მასპინძლობდნენ. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე რენატე ფეიჩი, შვედეთის სამეფოს ელჩი მარტინა ქვიკი, იტალიის რესპუბლიკის ატაშე მასიმო მოსონი, ლიტვის, უნგრეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ​აზერბაიჯანელი მოქალაქის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა 30 მაისს განაცხადა.
მოგვიანებით გაირკვა, რომ მოქალაქე აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა დააკავეს. აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი საზღვრის უკანონო გადაკვეთის დროს დააკავეს. აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყების ბრალდებას მუხთარლის ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან.
მათი ინფორმაციით, არსებობს ეჭვი, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოიტაცეს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები