პრემიერი სამართალდამცველებს მოუწოდებს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე მოკლე ვადებში გამოიძიონ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს გამოეხმაურა. კვირიკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, გამოძიების დასრულებამდე, წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება, კავშირი გვაქვს აზერბაიჯანელ კოლეგებთან და ჩემი მოწოდება იქნება, რომ გამოძიების დასრულებამდე, წინასწარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ. თუ ჩვენ შევუწყვეთ ხელი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შემცირებას, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რეალურად დაცვა. ნდობა ჩვენს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის არის ის, რასაც ემყარება ნამდვილად დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, წინასწარი დასკვნებისგან, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისგან თავი შევიკავოთ“,- განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია ამ საკითხის მიმართ მოქალაქეების და ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი.
„ძალიან კარგად მესმის ჩვენი მოქალაქეების და ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო სექტორის წუხილი, თუმცა, მინდა აქვე ვთქვა, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არის მიუღებელი, მით უმეტეს, მიუღებელია სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მომუშავე და მზრუნავი ინსტიტუტების დისკრედიტაცია. გამოძიება მიმდინარეობს“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი ასევე, სამართალდამცავებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მოკლე დროში გამოიძიონ ეს ფაქტი.
„სამართალდამცავებს, რა თქმა უნდა, მოვუწოდებ, მაქსიმალურად მოკლე ვადაში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ეს საკითხი იყოს გამოძიებული და ჩვენს ქვეყანაში არავის გაუჩნდეს ეჭვი, რომ ადამიანის უფლებები არ არის დაცული და რაიმე ისეთი ხდება, რაზეც მიმდინარეობს ამ ორი დღის განმავლობაში სპეკულაციები – თითქოს გადაცემა მოხდა და ა.შ. ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები იყვნენ რაიმე ამდაგვარში ჩართული. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს”,- განაცხადა საქართველოს პრემიერმა.