ალექსანდრე ჯეჯელავა „ლურჯ ვეშაპზე“ : ნუ დაღუპავთ ბავშვებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ „ლურჯი ვეშაპის“ თამაშს პოპულარიზაციას ნუ გაუწევენ. ამასთანავე, მინისტრი მედიასაშუალებებს მოუწოდებს, რეიტინგის დევნაში ნუ დაღუპავენ ბავშვებს. ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, ამ კუთხით რაიმე სახის კამპანიას სამინისტრო არ აპირებს, გამომდინარე იქედან, რომ უკუშედეგი და თემის პოპულარიზაცია არ მოხდეს.
„მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხზე მინიმალურად მოხდეს საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება, ამ თემის პოპულარიზაცია მოხდეს. ძალიან ყურადღებით ვართ, სამართალდამცველებთან ერთად, ყველა შემთხვევას ვიძიებთ და რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება, ხან ერთი მიზეზით, ხან – მეორე. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას“, – განაცხადა მინისტრმა.
​შეგახსენებთ, რომ თბილისის 99-ე საჯარო სკოლის შვიდმა მოსწავლემ სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა. სავარაუდოდ, მოსწავლეების თვითდაზიანება ინტერნეტში გავრცელებულ თამაშს – „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირდება. დღესვე, შს სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
“უკანასკნელ პერიოდში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც. თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება. მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში, აღნიშნულმა თამაშმა საქართველოს ტერიტორიაზეც მოიკიდა ფეხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო, საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები