ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა

ღამის კლუბ „ელ ცენტრო“ -ში, ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ჩოხელმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა – ამის შესახებ ჩოხელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი კლუბ „ელ ცენტროში“ განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელზეც დაწყებულია გამოძიება და ხსენებულ საქმეზე გამოკითხული ვარ მოწმის სახით. ჩვენ ყველანი გავხდით მოწმეები ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგაჟირებული პირების მხრიდან სუბიექტური და დაუსაბუთებელი განცხადებების, მათ შორის პირადად ჩემ წინააღმდეგ. მე არაერთი წელია, რაც ვარ საჯარო მოხელე, ვმუშაობდი ძირითადად სამართალდამცავ უწყებებში და კარგად ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამდენად, ვინაიდან მე მონაწილე ვარ ამ ინციდენტის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, იმისათვის რომ ჩრდილი არ მიადგეს საჯარო სამსახურს და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის თითოეული თანამშრომელი კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მივიღე ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩავთვალე პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად მივაწოდე სამართალდამცავებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მოკლე დროში დასრულდება გამოძიება და წერტილი დაესმება ფაქტის ირგვლივ არსებულ სპეკულაციებს“, – აღნიშნულია მიხეილ ჩოხელის განცხადებაში.
გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინფორმაციით, 13 მაისს, შარდენის ქუჩაზე მას თავს დაესხნენ, რაშიც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მონაწილეობდა. მისივე თქმით, ამავე ინციდენტში მონაწილეობდა მიხეილ ჩოხელიც. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები