გიორგი მარგველაშვილი: საჭიროა, ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავება და მის განხორციელებაში საქართველოს მოკავშირეების აქტიური ჩართულობა

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრისას განსახილველი ძირითადი საკითხები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო-პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების საკითხები, ასევე, საქართველოს დეოკუპაციის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა იყო.
აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც მზარდი დინამიკით და სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატების გაძლიერებით ხასიათდება. გამოითქვა პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების სურვილი, რათა სრულად გამოვიყენოთ ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალი.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც მცოცავი ოკუპაციის რეჟიმიდან აშკარა ანექსიაში გადაიზარდა.
გიორგი მარგველაშვილის აზრით, საჭიროა ანექსიის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავება და ანექსიის თავიდან ასაცილებლად, ჩვენი მოკავშირეების აქტიური ჩართულობა და ამ თვალსაზრისით, პოლონეთის აქტიური მონაწილეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კონსოლიდირებული ასიგნების აქტის ხელმოწერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის  არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის.
“ჩვენ გვაქვს მზარდი ფორმატები ურთიერთობებისა, როგორც ვაჭრობის, ასევე ტურიზმის და განათლების სფეროში, თუმცა მთელი ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ წინ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ ახალ იმპულსს მისცემს ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას”,  – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის შემდგომი ზრდის აუცილებლობას. პოლონური მხარე საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოლონეთში ექსპორტის შესაძლებლობით დაინტერსდა. საქართველო მიესალმება პოლონელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას.
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ენერგოპროექტებში მონაწილეობას, რომელიც ევროპის ენერგოუსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.
აღინიშნა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები: ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები