ანდჟეი დუდა: საქართველო ყოველთვის ევროპული საზოგადოების წევრად მიმაჩნდა

„მისასალმებელია საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ“, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვაფასებ საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ, ნატოსკენ. როდესაც კრიტიკული მომენტი დადგა, 2008 წელს თავს დაესხა რუსეთი საქართველოს, პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის არც კი უყოყმანია, ის მაშინვე ჩამოვიდა ცენტრალურ ლიდერებთან ერთად საქართველოში, თბილისში, რათა დამდგარიყო მყარად თქვენთან ერთად ამ მტრული და მზაკვრული ძალის წინაშე. საბედნიეროდ, ეს აგრესია შეჩერდა იმ მომენტისათვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.​მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ დღეს იგი, როგორც „უბრალო პოლონელი“, ქართველების გვერდით თავისუფალ საქართველოშია.
“დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო უბრალო, პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები, თქვენს გვერდით, თავისუფალ საქართველოში. რამდენიმე დღის წინ, თქვენ იზეიმეთ 25 წლისთავი თქვენი დამოუკიდებლობის კვლავ დაბრუნებისა და სულ მალე 100 წლისთავსაც ვიზეიმებთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებისა, რომელიც რეალურად, 1919 წელს დაიწყო, დიდი პოლონელის, მარშალ ვისოცკის მეშვეობით მოხდა. ჩვენი ურთიერთობა 1999 წლის შემდეგ კვლავ აღდგა, მას შემდეგ,რაც პოლონეთმა და საქართველომ მოიპოვეს კვლავ დამოუკიდებლობა. ეს არის სპეციფიკური მომენტი ჩვენს ისტორიაში, რომელიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს. საქართველოში ჩემი ვიზიტის განმავლობაში, თან მდევს ამ დიდი პოლონელების მარშალისა და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი“, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.
​მისივე თქმით, ხვალ, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას იუზერ პლისუცკის სახელი დაერქმევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ჩემი შეხვედრები თქვენთან, საქართველოში, ჩემი ყოფნა ამ თანამედროვე ეპოქაში, ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი პატივისცემა დავადასტურო ქართველი ხალხის მიმართ და იმ თვისობრივი ცვლილებების მიმართ, რომელიც უკვე აქვს ყოველ ქართველ მოქალაქეს – მე ვგულისხმობ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. მახსოვს, სრულიად ახალგაზრდა ბიჭი ვიყავი, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, პოლონეთს – ჩვენ გაგვეხსნა გზა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან. ეს ჩემთვის, ახალგაზრდა კაცისათვის, უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, ეს იყო დიდი შეგრძნება თავისუფლებისა. ახლა მიხარია, რომ საქართველოც განიცდის იმავეს. თქვენ, ფაქტობრივად, მიუახლოვდით ევროპულ საზოგადოებას, რომლის წევრადაც საქართველო ყოველთვის მიმაჩნდა. ეს არის ის სარგებელი, რომელიც მთელ ქართველ ერს ელის და გამოადგება შემდგომი განვითარებისათვის“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები