გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს უსაფრთხოების ეროვნული სისტემის რეფორმირებაში “ნატოს” ექსპერტული დახმარება სთხოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს, საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ჭრილში, უსაფრთხოების ეროვნული სისტემის რეფორმირებაში ექსპერტული დახმარება სთხოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტემიულერთან შეხვედრაზე გააკეთა და იმ ნაბიჯებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელსაც საქართველო დგამს ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, რომ საქართველომ მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა როდესაც დადგება დღის წესრიგში ნატოს შემდეგი გაფართოების პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი, საქართველო იყოს მზად და პირნათლად წარდგეს ალიანსის წინაშე.
„ვარშავის სამიტზე ძალიან ნათლად იყო ხაზგასმული, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული მექანიზმი იმისათვის, რომ მოემაზადოს წევრობისათვის. აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო როგორც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, ასევე, ყველა იმ საკითხს, რაც გათვალისწინებულია საქართველო-ნატოს დღის წესრიგით. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო ალიანსის ის პარტნიორია, რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს საერთო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა.
საუბარი შეეხო, ასევე, სხვადასხვა სფეროში მიმდინარე რეფორმებს, მათ შორის თავდაცვის სფეროსა და საკონსტიტუციო რეფორმებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები