ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ისაუბრეს. საუბარი, ასევე, რეგიონულ სტაბილურობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობას შეეხო.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, როუზ გოტემიოლერს კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი და და რეფორმის ძირითადი არსი გააცნო. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის.
ირაკლი კობახიძემ და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტის როლზე, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით საპარლამენტო კონტროლისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები.
როუზ გოტემიოლერი დღეს, თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომას დაესწრო, სადაც დამსწრეებს სიტყვით მიმართა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ნატოს კარი ღიაა მათთვის, ვინც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფასეულობებს იზიარებს და მის სტანდარტებს შეესაბამება. მისივე თქმით, თბილისში საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის გამართვა სწორედ ამას ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები