გიორგი მარგველაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს ანდრეი პარუბს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს, ანდრეი პარუბს შეხვდა.
მხარეებმა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, ანდრეი პარუბმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
როგორც შეხვედრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართველ და უკრაინელ ხალხს მრავალწლიანი მეგობრობა, წარმატებული თანამშრომლობის ისტორია აკავშირებს და საერთო საფრთხეები აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო – უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში დასმული საკითხები საერთაშორისო დღის წესრიგში მუდამ აქტიურად ისმებოდეს. მხარეებმა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას, საქართველო – უკრაინას შორის საპარლამენტო ურთიერთობების განვითარების შესახებ ისაუბრეს და გამოითქვა მზადყოფნა მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ შეხვედრისას ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ალიანსის მიერ ამ პოლიტიკური ჟესტის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს და ამ მიმართულებით „ვიკინგის“ პროექტს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები