ირაკლი კობახიძე უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფი უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე, ანდრიი პარუბი მიიღო.
შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ყურადღება ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე გამახვილდა. ირაკლი კობახიძემ და ანდრიი პარუბიმ ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც საპარლამენტთაშორისო, ასევე, საერთაშორისო ფორმატებშიც.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მრავალმხრივი საპარლამენტო ფორმატების ჩამოყალიბების პერსპექტივებს, რეგიონულ სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ორ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საკონსტიტუციო და საარჩევნო კანონის ცვლილებებს. უკრაინის პარლამენტის სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პატივს სცემს საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო რეფორმის გატარებისას სახელმწიფო ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებისათვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და მისმა უკრაინელმა კოლეგამ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
„უკრაინის დელეგაცია დღეს იმყოფება ქვეყანაში, რომელიც უაღრესად კეთილგანწყობილია უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენი ერების მეგობრობა საუკუნეებს ითვლის და ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ყოველთვის დიდი სითბოთი და ურთიერთგაგებით გამოირჩეოდა. ბატონი პარუბი საქართველოში ჩამობრძანდა იმ დღეებში, როდესაც აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ვუმასპინძლეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას, რომელმაც დღეს საქართველოს მხარდამჭერი განცხადება მიიღო”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველომ და უკრაინამ დამოუკიდებლობა ერთად მოიპოვეს და უკვე 25 წელია, რაც ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები განახლდა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველო და უკრაინა საერთო ინტერესების და ღირებულებების დასაცავად ერთმანეთს მხარში ედგნენ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში უკრაინის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის ვიზიტები იგეგმება.
„წლევანდელი წელი აღინიშნება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გააქტიურებით, შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ რადას თავმჯდომარეს, დაგეგმილია აგრეთვე პრეზიდენტის და პრემიერის ვიზიტები თბილისში.
საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირობებში, კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ჩვენმა ხალხებმა ერთმანეთის გვერდში დგომით უნდა შეძლონ საგარეო საფრთხეების მოგერიება და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება.
დღევანდელ შეხვედრაზე მე და ბატონმა სპიკერმა საქართველოსა და უკრაინას შორის სახელმწიფო და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაზე ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შევთანხმდით, რომ ამ საკითხებზე კოორდინირებულად ვიმოქმედებთ საერთაშორისო ასპარეზზე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოსა და უკრაინას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემაც. ანდრიი პარუბის განცხადებით, ორ ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვს.
„ ძალიან სასიამოვნო იყო დღეს საპარლამენტო ასამბლეის ტრიბუნიდან ქართველი ხალხისთვის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26-ე წლისთავის მილოცვა. გვესმის, რა მაღალი ფასი გადაიხადეთ და ვაცნობიერებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს დღესასწაული თქვენთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, გავააქტიუროთ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის და დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო ფორმატი არის ის განზომილება, რომელიც უფრო სწრაფი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას გვაძლევს. გვაქვს თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურის, ასევე, სატრანსპორტო სფეროში”,- განაცხადა ანდრიი პარუბიმ.
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შექმნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი თანამშრომლობის გააქტიურებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
„ უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ასამბლეამ შეიძლება შეავსოს თანამშრომლობა ბალტიის და შავი ზღვის რეგიონში, რაც მნიშვნელოვანია სატრანსპორტო და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროებში, ასევე, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ უკვე ჩავატარეთ შესაბამისი კონსულტაციები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე”,- განაცხადა ანდრიი პარუბიმ.
უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარემ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობის გაღრმავების ახალ პერსპექტივებს შექმნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები