კობა ნარჩემაშვილი : თუ კონსტიტუციის ტექსტი მიწის გასხვისების აკრძალვის შესაძლებლობას არ მოგვცემს, ამას ორგანული კანონით ვერ დავარეგულირებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო სამეურნეო მიწის გასხვისების აკრძალვაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საჭიროა, დაშვებული იქნას გამონაკლისი შემთხვევები. თავის მხრივ, კი ეს გამონაკლისები ისე უნდა იქნეს გაწერილი, რომ სპეკულაციური ინვესტიციის საგანი არ გახდეს.
„ საქართველო არის მცირემიწიანი ქვეყანა, საქართველოს მოქალაქეების ძირითადი საცხოვრისი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოა, ამიტომ მოსახლეობას, მიწის საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მგრძნობიარე დამოკიდებულება აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, უმრავლესობა ფიქრობს, რომ კონსტიტუციის ტექსტი, მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით, უნდა იძლეოდეს გარკვეული აკრძალვის შესაძლებლობას. თუ ასეთი შესაძლებლობა კონსტიტუციის ძირითად ტექსტში არ იქნება გათვალისწინებული, ჩვენ ამას რაიმე სხვა სახის კანონმდებლობაში, იგივე ორგანულ კანონმდებლობაში ვერ გავაკეთებთ. ჩემთვის ყველაზე უფრო მიზანშეწონილია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება იყოს აკრძალული მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ და არარეზიდენტ იურიდიულ პირებზე, მაგრამ იყოს გათვალისწინებული გამონაკლისები და განსაკუთრებული შემთხვევები, რომელსაც უკვე ორგანული კანონი დაარეგულირებს. ეს გამონაკლისი ჩვენ შეგვიძლია კარგად გავწეროთ, ვინაიდან მიწის გასხვისება არ გახდეს სპეკულაციური ინვესტიციის საგანი. ზოგ შემთხვევაში, მიწის შესყიდვა არ არის სრულფასოვანი ინვესტიცია, მიწის შესყიდვა ხშირად გარკვეული პერიოდის დაყოვნების და გადაყიდვის გამო ხდება ხოლმე. რეალურად კი, იქ რაიმე წარმოების შექმნა და ადამიანების დასაქმება არ ხდება. კონსტიტუციის ძირითადმა ტექსტმა უნდა დაადგინოს აკრძალვის შესაძლებლობა მოქალაქეობის არმქონე პირებზე, მაგრამ ეს არ იყოს ტოტალური აკრძალვა და განსაკუთრებული შემთხვევები არსებობდეს, რომელიც საგულდაგულოდ იქნება შესწავლილი“, – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები