კობახიძე: საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევითა და კონფლიქტების გაღვივებით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, თავისუფლებისკენ ქართველი ხალხის სწრაფვა შეაჩერონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნატო საქართველოსათვის არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ თავისუფლების იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაზიარებლად საუკეთესო პლატფორმაა.
პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული პოლიტიკისგან გამომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის საპასუხოდ, მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს, თავისი სახელმწიფოებრიობა კიდევ უფრო განამტკიცოს.
„ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა. ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიითა და ბოლოს, მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, თავისუფლებისკენ ქართველი ხალხის სწრაფვა შეაჩერონ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველოში აპრობირებული მეთოდებით, მოსკოვი ცდილობს, ადამიანები დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა.
პარლამენტის თავმჯდომარემ დღევანდელი მსოფლიოსა და საქართველოს წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, საინფორმაციო ომებსა და კონვენციური სამხედრო დაპირისპირების საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ღირებულებები, თავისუფლებისა და დემოკრატიის ერთგულება და ყოველდღიური მჭიდრო თანამშრომლობა იქნება საფუძველი იმისა, რომ ნატო სათანადოდ გაუმკლავდეს ყველა სირთულესა და საერთაშორისო უსაფრთხოების ქვაკუთხედად დარჩეს.
ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში სტუმრობისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და გამოსვლა ნატოს პირველი გენერალური მდივნის, ჰეისტინგს ისმეის სიტყვებით დაასრულა: „ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო“.
„ჩვენი ამოცანაა, გავერთიანდეთ თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად“, – მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები