გიორგი კვირიკაშვილი: საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას

„საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ხაზგასმით აღნიშნა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების შედეგები. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებასა და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის ძირეულ რეფორმებზე.
„ბიზნესგარემოს შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკის სწრაფი და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისა და ქვეყნის მიმზიდველობის ხარისხის ამაღლების მიზნით, მთავრობამ წამოიწყო ცვლილებათა ახალი ტალღა, 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში, რაც მოიცავს გადასახადების სისტემის რეფორმას, ღია მმართველობას და ბიზნესსექტორთან თანამშრომლობის გააქტიურებას, საბაზისო ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას და უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას. ძვირფასო მეგობრებო, სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფოს კარგი მაგალითი, რომელიც ყველა შიდა თუ გარე გამოწვევის მიუხედავად, თანმიმდევრულად აგრძელებს სვლას დემოკრატიზაციის, ინსტიტუტების აღმშენებლობის, ეკონომიკური განვითარების და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინსტიტუციური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ წინაშე დგას. რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს 20 პროცენტის ოკუპაცია და მილიტარიზაცია მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ყირიმის უკანონო ანექსიამ, რომელსაც შედეგად მოჰყვა დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და გავლენის სფეროთა გადანაწილება, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობაში მიღწეული უდიდესი პროგრესის, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების უდიდესი მონაპოვრის, გაქარწყლებას ისახავს მიზნად. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე არის მეტი დემოკრატიზაცია, მეტი ეკონომიკური განვითარება და მეტი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ გამოწვევებზე დასავლეთის ერთადერთი ქმედითი პასუხი უნდა იყოს მეტი ერთობა და სიმტკიცე თავისუფლებისა და სხვა ფუძემდებლური ღირებულებების დაცვის საკითხში, ღია კარის პოლიტიკა და შესაბამისი სურვილის მქონე ევროპული ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერა. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული რეფორმების, ნატოში ინტეგრაციის და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე ნატომ შემდგომი ნაბიჯი გადადგას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები