პრეზიდენტი: ქვეყანა მოთმინებით ელოდება იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანა მოთმინებით ელოდება იმ დღეს, როდესაც ალიანსი გადაწყვეტს, გახდეს უფრო ძლიერი საქართველოს გაწევრიანებით”, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, მეტ დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და ხარისხიან სასამართლოს.
„დღეს ჩვენ ვახორციელებთ უაღრესად სტაბილურ და რაციონალურ პოლიტიკას იმისთვის, რომ არ გავამწვავოთ კრიზისი და რეგიონისთვის ვიყოთ სტაბილურობის შემომტანი და გარანტი. ამ თვალსაზრისით, დემოკრატიის, ეკონომიკური გაძლიერების, თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა ნამდვილად ქმნის იმ ფონს, რომელზეც საქართველო აძლევს შესაძლებლობას რეგიონს, რომ უფრო მშვიდობიანად განვითარდეს. რა თქმა უნდა, ქართულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს. საჭიროა, ჩვენს საზოგადოებაში შედგეს სიღრმისეული დიალოგი და თანხმობა, რომ ჩვენ რეალურად შევქმნათ ევროპული დემოკრატია. კულტურულად ევროპულ ერს გვჭირდება, რომ ეს გადავიტანოთ პოლიტიკურ სისტემებში.
ჩვენ ნამდვილად გვჭირდება პლურალისტური, ევროპული პოლიტიკური პროცესის შექმნა, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა, ისაუბროს და ყველას ხმა იქნება გაგონილი, როდესაც ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან დისკუსში, როდესაც ჩვენ ერთად გვექნება ერთმანეთთან ბევრი სამსჯელო. ამ თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩვენს საზოგადოებაში.
 
ჩვენ ვმუშაობთ კონსტიტუციის ახალ ვერსიასთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გამოიყვანს ქართულ საზოგადოებას სწორედ იმის ხარჯზე, რომ იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი დიალოგი ერთმანეთთან.
 
აუცილებელია, შენარჩუნდეს ის მაღალი სტანდარტი მედიის თავისუფლების, რომელიც არის. აუცილებელია, ჩვენ შევქმნათ მართლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო. სასამართლო, რომელსაც ექნება შეხედულების ერთიანი სტანდარტი, ნებისმიერი სტანდარტის მიმართ. ეს გამოწვევები, ბუნებრივია, არ გადაილახება ერთ დღეში, მაგრამ უმნიშვნელოვანესი, რაც ამ თვალსაზრისით არსებობს, არის ქართული საზოგადოების ძალიან ნათელი შეკვეთა. ნათელი შეკვეთა, რომელიც პოლიტიკოსებმა სწორად უნდა აღვიქვათ და გადავიტანოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში.
ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს ევროატლანტიკურ არჩევანს, ქართული საზოგადოება პოლიტიკოსებს ნათლად უკვეთავს მეტ დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას, ხარისხიან სასამართლოს და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს გატარდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები