ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა

“ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს, კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სახელმწიფოებრიობა და გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
”ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიით და ბოლოს, მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ.
მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში აპრობირებული მეთოდებით, დღეს მოსკოვი ცდილობს, ადამიანები და ხალხი დააშინოს, გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ ახლო აღმოსავლეთში. ამის საპასუხოდ, ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიისა და შემწყნარებლობის გზა. ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს, კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სახელმწიფოებრიობა და გაწევრიანდეს მსოფლიოს წამყვან გაერთიანებებში – ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა. მინდა გამოვხატო მადლიერება ნატოსა და მისი წევრი ქვეყნების, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ყოველთვის გრძნობდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ოფიციალურად გამოაცხადა ნატოში გაწევრიანების სურვილი.
ნატოს ცალკეული წევრები დახმარებას გვიწევდნენ თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. უელსისა და ვარშავის სამიტების შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიურდა. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მხარდაჭერა საქართველოს, ახლო მომავალში, ნატოსთან სტრატეგიული დაახლოების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა თბილისში ძალზე დიდი დატვირთვის მატარებელია, როგორც სიმბოლური, ისე პრაქტიკული პოლიტიკური თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატოს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო. ჩვენ, ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ ღიად გამოვხატეთ სურვილი, ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები