გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ტრანსფორმაციის ეტაპიდან გადავიდა დემოკრატიული კონსოლიდაციის ფაზაში

“არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ საქართველო ტრანსფორმაციის ეტაპიდან გადავიდა დემოკრატიული კონსოლიდაციის ფაზაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წლების მანძილზე გაწეულმა დაუღალავმა შრომამ და რეფორმებმა, ევროპელ კოლეგებთან თანმიმდევრულმა თანამშრომლობამ, შედეგად მოიტანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა.
მისივე თქმით, ევროპულ სივრცეში დაბრუნების სურვილი საქართველომ ჯერ კიდევ 1991 წელს, სახელმწიფოებრიობის აღდგენისთანავე გამოთქვა.
„სიმბოლური დატვირთვის გარდა, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა და საქართველოს შორის საქმიანი, პროფესიული და ადამიანთა შორის კონტაქტების გააქტიურებას, რის შედეგადაც ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპულ სტანდარტებს.
ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოება სამართლებრივი და საკანონმდებლო კუთხით, ევროკავშირის სპეციალიზებულ სააგენტოებსა და პროგრამებთან თანამშრომლობის გაფართოება, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება.
ჩვენ გვაქვს ამბიცია, მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის ისეთ დონეს, როცა შევძლებთ განვაცხადოთ, რომ გვაქვს „ყველაფერი ინსტიტუტების გარდა“ და დაველოდოთ მხოლოდ წევრობის შესახებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ საქართველო ტრანსფორმაციის ეტაპიდან გადავიდა დემოკრატიული კონსოლიდაციის ფაზაში“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები