პრემიერი: ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ყველა რეიტინგში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ყველა რეიტინგში, დემოკრატიული განვითარების ინდექსით დაწყებული, ეკონომიკური პროგრესის ინდექსით დამთავრებული.
“ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ – წარმატებულად ჩავატარეთ რამდენიმე არჩევნები. ახლა, ნება მომეცით, გაგაცნოთ ის მიღწევები, რომლებიც დემოკრატიული რეფორმების გზაზე გვაქვს. ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მთავრობამ მიიღო 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და 2014-2016 და 2016-2017 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმები. 2014 წელს საქართველომ მიიღო კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ჩვენ ასევე მივიღეთ 2014-12016 წლების გენდერული თანასწორობის გეგმა. 2015-2220 წლების სამოქმედო გეგმა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
მისივე თქმით, მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა, მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის გარანტიის შექმნა.
 
“ახლახან მიღებული კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლობის საბჭოს შემადგენლობის დემოკრატიულობასა და სატელევიზიო კომპანიების ფინანსური გამჭვირვალობის ხარისხის ზრდას. პარლამენტმა დაამტკიცა სავალდებულო must-carry/must- offer პრინციპები, ანუ მოთხოვნა, რომ საკაბელო ქსელებმა და სატელიტური მომსახურების მიმწოდებლებმა მაუწყებლობაში ჩართონ თავიან მაუწყებლობაში სატელევიზიო არხი, რომელსაც საინფორმაციო გამოშვება აქვს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია სიტყვის თავისუფლებისა და მედიის პლურალიზმის უზრუნველყოფის კუთხითაც. მაშინ, როცა 2012 წლამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ სამი სატელევიზიო არხი მაუწყებლობდა და მათაც მკაცრად აკონტროლებდა მმართველი პარტია, დღეს მაუწყებლობს 13 ასეთი არხი. ყველა მათგანი თავისუფალია და კრიტიკულად განწყობილი მთავრობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველომ გაიუმჯობესა პოზიციები და 2012 წელს არსებული 104-ე ადგილიდან 2016 წელს 64-ე ადგილზე გადაინაცვლა”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და თავისი საქმიანობის ღიაობას.
 
“მთავრობის გამჭვირვალობის მაღალმა ხარისხმა, საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. 2016 წელს საქართველო აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის თანათავმჯდომარედ. 2017 წლის ოქტომბერში საქართველო ერთი წლით გახდება ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი თანათავმდჯომარე ქვეყანა. გარდა ამისა, მთავრობის მიზანია, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და სასამართლოსადმი საზოგადოებრივი ნდობის განმტკიცება. წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების საფუძველზე, ხელისუფლებამ განახორციელა ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა. დაინერგა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმები და გამჭვირვალე პროცედურები. სასამართლო რეფორმის მესამე ტალღა სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა, რომლის მიზანიცაა მოსამართლეთა დამოუკიდებლობა”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
 
მისივე თქმით, საქართველოს, მთავრობამ, ასევე, წამოიწყო პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა, რაც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესს უფრო დამოუკიდებელს და გამჭვირვალეს გახდის.
 
“მთავარ პროკურორს კი მისი ფუნქციების უკეთ შესრულების შესაძლებლობა მიეცემა, ახალი ჩარჩოს პირობებში. სასჯელაღსრულების სისტემაშიც გატარდა ძირეული რეფორმები. გაუმჯობესდა ციხეებში საცხოვრებელი პირობები და უსაფრთხოების სტანდარტები. პატიმართა რაოდენობა შემცირდა 60 პროცენტით. პატიმრობის ნაცვლად, გამოიყენება ისეთი ალტერნატიული მეთოდები, როგორიცაა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თავიდანვე იყო პოლიციის დეპოლიტიზაცია. 2015 წელს, შსს-ს რეფორმის შედეგად, მოხდა პოლიციისა და უსაფრთხოების უწყებათა ინსტიტუციური და ორგანიზაციული გამიჯვნა. შეიქმნა სუს-ი, რომელმაც თავი მოუყარა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა იმ უწყებას, რომელიც მანამდე შსს-ს დაქვემდებარებაში იყო”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები