საქართველოს პარლამენტმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების პატივსაცემად მიღებას უმასპინძლა

„სამი წარმატებული სამუშაო დღის შემდეგ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესია ხვალ ოფიციალურად დაიხურება. ამ ღირსშესანიშნავმა, შეიძლება ითქვას, ისტორიულმა მოვლენამ თავი მოუყარა 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ერთი მთავარი მიზნისათვის: კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის მიმართ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე განაცხადა.
 
ირაკლი კობახიძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მისი განაცხადებით, ასამბლეის საგაზაფხულო სესიის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გახსნა სიმბოლური და კარგად გააზრებული ჟესტი იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ღირებულებებს, რომლებიც ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველო იზიარებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრების საერთო ხედვას სტაბილური და უსაფრთხო მსოფლიოს შესახებ.
 
„ეს იყო სიმბოლური, მაგრამ კარგად გააზრებული ჟესტი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ღირებულებებს, რომლებსაც ნატო განასახიერებს და რომლებიც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. საქართველო იზიარებს ალიანსის წევრთა საერთო ხედვას სტაბილური და უსაფრთხო მსოფლიოს შესახებ. ასეთ მსოფლიოში მეზობელი ქვეყნები მშვიდობიანად თანაარსებობენ, საერთაშორისო ნორმები და ადამიანის უფლებები დაცულია, ხოლო კულტურა ხალხის გაერთიანებისკენ და არა დაპირისპირებისკენაა მოწოდებული”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
 
როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში გამართვას ქართველი ხალხი ენთუზიაზმით ეგებებოდა, რაც, მისივე განმარტებით, იმიტომ ხდება, რომ ნატო ქართველი ერის არჩევანია.
 
„მინდა დაგპირდეთ, რომ უფრო ძლიერი და მშვიდობიანი მომავლისათვის ჩვენ უფრო გაბედული ნაბიჯებით გავაგრძელებთ სვლას ნატოსთან უფრო მჭიდრო პარტნიორობისათვის და უფრო განვამტკიცებთ ჩვენს დემოკრატიას რეფორმებითა და აქტიური საგარეო პოლიტიკით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
 
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მზადყოფნა დაამტკიცა. ქართველი სამხედროები, ნატოს ჯარისკაცების მხარდამხარ, მსოფლიოს ყველაზე საშიშ სხვადასხვა ნაწილში იბრძვიან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო გლობალურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას გააგრძელებს.
 
„გადაწყვეტილი გვაქვს, განვაგრძოთ გლობალურ უსაფრთხოებაში წვლილის შეტანა და მხარი დავუჭიროთ ალიანსის ძალისხმევას შავი ზღვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ ვიცით, რომ ამგვარი ძალისხმევით ჩვენ ჩვენივე უსაფრთხოებისა და განვითარების გრძელვადიან გარანტიას ვუყრით საფუძველს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
 
ირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის გაზაფხულის სესიის ორგანიზატორებს: საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოსა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლებსა და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროცესში. გმადლობთ უამრავი საათისათვის, რომელიც ჩადეთ სესიის ოთხი დღის წარმატებით ჩატარებაში. ბოლო თვეების განმავლობაში თქვენი თავდაუზოგავი სამსახურის წყალობით ღონისძიების მონაწილეებს ყოველგვარი პირობა შეექმნათ წარმატებული მუშაობისათვის. დიდ მადლობას გიხდით დაუღალავი შრომისათვის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.
 
სტუმრებს მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ და საქართველოს პარლამენტს სესიის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. პაოლო ალის განცხადებით, თბილისში გამართული სესია ერთ-ერთი საუკეთესოა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში.
 
„ბატონო თავმჯდომარევ, მინდა, თქვენ და საქართველოს დელეგაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, მადლობა გადაგიხადოთ იმ არაჩვეულებრივი სტუმარმასპინძლობისთვის და საგაზაფხულო სესიის არაჩვეულებრივი ორგანიზებისთვის, რომელიც, ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სესიაა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში”, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
 
პაოლო ალის განცხადებით, ქართველმა ერმა, საბჭოთა ოკუპაციის წლებში და რეპრესიების მიუხედავად, სულისკვეთება და ეროვნული იდენტობის გრძნობა შეინარჩუნა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა.
 
„ბატონო თავმჯდომარევ, გამოსვლაში აღნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული დღესასწაული. ამ დღეს საქართველო აღნიშნავს მისი დამოუკიდებლობის აღდგენას და ყველაზე რთულ წლებში, საბჭოთა ოკუპაციის წლებში, მიუხედავად რეპრესიებისა, ქართველ ხალხს ყოველთვის ჰქონდა ძლიერი სულისკვეთება, ეროვნული იდენტობის გრძნობა. მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თქვენი ქვეყანა ცდილობს, კონსოლიდირება მოახდინოს თავისუფლების, სუვერენიტეტის, გაამყაროს ის. ბევრი რამ გაკეთდა მიუხედავად უამრავი გამოწვევისა”, – აღნიშნა პაოლო ალიმ.
 
სიტყვით გამოსვლისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს, სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან ვიზიტმა, მას კიდევ ერთხელ დაანახა საქართველოს წინაშე არსებული რთული გამოწვევები. პაოლო ალიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო, რომელიც ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ხელს უწყობს საერთაშორისო სტაბილურობის გამყარებას. პაოლო ალიმ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს საერთო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემმა ვიზიტმა ადმინისტრაციულ საზღვარზე დღეს დილით, კიდევ ერთხელ დამანახა ის რთული გამოწვევები, რაც დღესაც დგას საქართველოს წინაშე. კიდევ ერთხელ მსურს, განვაცხადო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, საქართველო ჩართულია საერთაშორისო დონეზე და ხელს უწყობს სტაბილურობის გამყარებას საერთაშორისო ასპარეზზეც ცხადია, რომ ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში, საქართველომ მართლაც ყველაზე დიდი კონტრიბუტორია არაწევრ ქვეყნებს შორის.მსურს, გამოვხატო ჩვენი გულწრფელი აღფრთოვანება და მადლიერება საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში”, – აღნიშნა პაოლო ალიმ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასამბლეა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და დეკლარაცია, რომელსაც ხვალ, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ, მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. პაოლო ალის განცხადებით, ასამბლეის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
 
„ვიცით, რომ საქართველო მიისწრაფვის ნატოში გაწევრიანებისკენ. ჩვენი ასამბლეის ნებაა და მზაობა, მხარი დავუჭიროთ თქვენს ქვეყანას ამ მიზნისკენ მოძრაობაში.დეკლარაცია, რომელსაც მივიღებთ ხვალ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ მზაობას. ასამბლეის წევრები, წლების განმავლობაში, მხარს უჭერდნენ საქართველოს, მის პარლამენტს და მის მოსახლეობას და ჩვენ შეგვიძლია, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება სამომავლოდ”, – განაცხადა პაოლო ალიმ სიტყვით გამოსვლისას.
 
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე მოწვეული სტუმრებისთვის ქორეოგრაფიული, ვოკალური და ინსტრუმენტული კომპოზიციები შესრულდა. სტუმრებს, ასევე, საქართველოს ისტორიული და არქეოლოგიური ფაქტების ამსახველი გამოფენის დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები