ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან საკუთარი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები. ამის შესახებ ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციის პროექტში, რომელსაც ასამბლეა სავარაუდოდ ხვალ მიიღებს.
ალიანსი რუსეთს ასევე მოუწოდებს უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან;
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას:
ა) პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეარაღებული ძალები;
ბ) შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი;
გ) უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან;
დ) ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.
ამასთან, ნატო მიესალმება საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯების ჩათვლით, ასევე მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და თბილისის ძალისხმევას ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობით;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები