მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ს კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ.
დელეგაციის ხელმძღვანელის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის მაიკლ ტერნერის განცხადებით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და საქართველოს პროგრესის აღიარებას.
„როგორც ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა შემიძლია, ჩვენი დელეგაციის პერსპექტივიდან განვაცხადო, რომ უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული კავშირების და საქართველოსა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერა, რაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განცხადებების მხარდაჭერის და ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარების გამოხატულებას წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ განცხადებების გაკეთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მყარად ვდგავართ საქართველოს გვერდით”, – აღნიშნა ტერნერმა.
ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ჯერი კონოლის განცხადებით, საქართველომ რუსთის ოკუპაციის ფონზე მოახდინა ქვეყნის შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია და აშშ მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ძალისხმევას.
„საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის კონგრესში ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს. რუსეთის მიერ ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციამ თვალსაჩინო გახადა ბევრი ამერიკელისთვის, თუ რა საფრთხეები გამოიწვია რეგიონში „რუსული დათვის” ხელახლა გამოჩენამ. აშშ-ს სურს, მხარში ამოუდგეს საქართველოს. საქართველომ გამოიჩინა უზარმაზარი სიმამაცე და მზაობა, რომ განეხორციელებინა რეფორმები და ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს”, – განაცხადა კონოლიმ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და ხაზი გაუსვეს პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას ყველა შესაძლო მიმართულებით. აღინიშნა, რომ აშშ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მიღწევებს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების გზაზე და ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები