მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია ნატოში გასაწევრიანებლად

ჩვენ შეუპოვარი სიმტკიცით მივყვებით ნატოში ინტეგრაციის გზას, რამაც მოკავშირეებს დაანახა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს გაწევრიანებისთვის. ჩვენ უდრეკად განვაგრძობთ სვლას ამ გზაზე, რათა რეალობად ვაქციოთ ქართველი ხალხის სწრაფვა და საქართველო ალიანსის სრულუფლებიან წევრად ვაქციოთ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მთელი 26 წლის მანძილზე, საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ ისწრაფვის.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია და მიზანია. ამასთან, ეს სწრაფვა ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია.
თავის გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ძირეულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის, ღია მმართველობის, მედია პლურალიზმის, ეკონომიკური ზრდისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რამაც ავტორიტეტულ მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განაპირობა, და, მინისტრის თქმით, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს კიდევ უფრო დაუახლოვა. როგორც მინისტრმა განაცხადა, გაწევრიანების გზაზე შემდგომი წინსვლისათვის, საქართველო ეფექტიანად იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს პაკეტი ნატოს წევრი ქვეყნების აქტიური ჩართულობითა და დახმარებით ხორციელდება, და სწორედ ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ისეთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროექტები, როგორიცაა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა. თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მზაობა და უნარი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამ კუთხით მან ავღანეთში ნატო-ს ოპერაციებში, ასევე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებებს ასახავს. საქართველო კი, როგორც ასპირანტი ქვეყანა და სანდო პარტნიორი, მხარს უჭერს ნატოს აქტივობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში, რომლის უსაფრთხოებაც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.
„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს გაწევრიანების პროცესის შემდგომი განვითარება ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი და მკაფიო სიგნალი იქნებოდა იმისა, რომ გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება და სუვერენული სახელმწიფოებისთვის საგარეო პოლიტიკური არჩევნის შეზღუდვა 21-ე საუკუნეში მიუღებელია და ამავე დროს შეუძლებელიც” – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.
თბილისი 26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 28 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები