ნატო ჩხეიძე: მთავრობამ „იუნესკო“ რუსთაველით უნდა დააინტერესოს!

0

„მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!“ – კარგია, ამ ფრაზას რომ ამაყად წარმოსთქვამ და მერე, უცხოელი ნაცნობები რომ შეგეკითხებიან: „სად არის ეგ ქვეყანა ან ვინ არის რუსთაველიო“, სიამაყე კიდევ შეგრჩება?“ – ამ რიტორიკულ კითხვას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დეპუტატი ნატო ჩხეიძე სვამს.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, შარშან, რუსთაველის 850 წლის იუბილემ ისე ჩაირა, რომ კულტურისა და განათლების მინისტრებმა ამის შესახებ მხოლოდ წლის ბოლოს, ნოემბერში შეიტყვეს ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებთან“ შეხვედრისას.
„მას შემდეგ, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არ ივიწყებენ და რუსთაველსაც და მის აფორიზმებსაც აუცილებლად ახსენებენ ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებაზე,“ – წერს დეპუტატი და დასძენს:
„ვაითუ, ასევე ჩაიაროს ამ და მომდევნო წლებმაც?! ქათამი რომ ჩივის, ხარი დაკლეს, მე წამაკლეს, ძროხა დაკლეს, მე წამაკლეს, ცხვარი დაკლეს, მე წამაკლესო, – ეს ანდაზა თუ გაგახსენდება, როცა მოცარტის რექვიემს დაუკრავენ, რუსთაველის იუბილეს ეძღვნებაო, პოეზიის დღეს აღადგენენ, რუსთაველის იუბილეს ეძღვნებაო, 26 მაისს აღნიშნავენ და მასაც რუსთაველის გარეშე არ ჩაატარებენ – იუბილეს ეძღვნებაო, მაგრამ სად არის რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავის აღნიშვნა და, მით უფრო, აუცილებლად საერთაშორისო მასშტაბით? მარტო რუსთაველის, სხვასთან დაძმობილებისა თუ თანაზიარობის გარეშე? – არსად, არსად არ არის!
კრისტინა აგილერას კონცერტი ცალკეა, ვანესა მეის კონცერტი ცალკეა, რობი უილიამსის კნცერტი ცალკეა, „ სკორპიონსის“ კონცერტი ცალკეა, „აეროსმიტის“  კონცერტი ცალკეა, „მარუნ ფაივი“-ის კონცერტი ხომ ცალკეა და ცალკე, ვინმესთან და რამესთან მიტმასნების გრეშე. რუსთაველია მარტო წყვილად!..
რუსთაველის ადრე რენესანსული ეპოქა მიტოვებულია, – არავისთან გაზიარებული, არავისთვის გაცნობილი. ვისთვის? უპირველესად – „იუნესკოსთვის“.
და თუ სათანადოდ მომზადდება მასალები (სამეცნიერო მასალებს არ ვგულისხმობ, ის დიდი ხანია, მომზადებული აქვს ჩვენს მეცნიერებას),  „იუნესკო“ კიდეც დაგვიჭერს მხარს და კიდეც გაახმაურებს მთელ მსოფლიოში; მერე ჩვენამდეც ჩამოაღწევს ეს ხმა და მაშინ კი ალბათ, აღარავის და აღარაფერს მივაკერებთ რუსთაველს!“
ამასთან, დეპუტატი იმედს გამოთქვამს, რომ ამ უმნიშვნელოვანეს პროექტით „იუნესკოს“ დაინტერესებას, საზოგადოებისა და მასმედიის თანადგომით, თავი მალევე მოებმება:
„ისე წარუდგინოს ჩვენმა მთავრობამ სათანადო დოკუმენტაცია „იუნესკოს“, რომ მან აღიაროს რუსთაველისა და მისი ეპოსის გამორჩეული მნიშვნელობა ანუ რუსთაველის მსოფლიო როლი ადრერენესანსული ეპოქის შექმნაში.“

 

კომენტარები

კომენტარი