საგარეო საქმეთა მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა – “საქართველო წარმატებით ადგას ევროპული განვითარების გზას”

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მათ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისში მიმდინარე ფორუმში მონაწილეობისათვის და დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნა.
მინისტრი მიესალმა ფორუმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. მისი განცხადებით, ფორუმზე წარმოდგენილი კონკრეტული იდეები აუცილებლად აისახება სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებში. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობისთვის დიასპორა, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები და მათთან ურთიერთობა პრიორიტეტულია.
“ის პროგრამა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ არის ამბიციური პროგრამა, მას სჭირდება სამოქმედო გეგმა და იმპლემენტაცია. პროგრამაში წარმოდგენილი ხედვები, არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემართებით, რაც დღეს ფორუმის მონაწილეებში იგრძნობოდა, ჩვენ ეფექტურად მოვახდენთ პროგრამის რეალიზაციას. საქართველო წარმატებით ადგას ევროპული განვითარების გზას. მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ თქვენ აქტიურად იყოთ ჩართული ამ პროცესში. ჩვენი მიზანია, რომ თქვენ სადაც არ უნდა იყოთ, იყოთ კავშირში თქვენს სამშობლოსთან”, – აღნიშნა მინისტრმა.
დიასპორის ფორუმი 2017 ოფიციალურად დაიხურა. შეხვედრის მონაწილეებმა ფორუმის დასასრულს სამუშაო ჯგუფებში განხილული საკითხები შეაჯამეს და შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. თემატურ ჯგუფებში დისკუსია მიმდინარეობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სახალხო დიპლომატიაში დიასპორის პოტენციალის გამოყენება, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა, კულტურული თვითმყოფადობის და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება და ა. შ.
ღონისძიების დახურვის შემდგომ დიასპორის წარმომადგენლები კოჯორს ეწვივნენ, სადაც პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს იუნკერთა მემორიალი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები