ირაკლი სესიაშვილი და სოფიო ქაცარავა გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ბარონესა ადამს კრეიგილეის, ლორდ კემპბელს, ლორდ ჰამილტონს და ბარონესა რამსეის შეხვდნენ. დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში იმყოფება.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა, საქართველოს საგარეო კურსზე, ასამბლეის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე და რეგიონში საქართველოს როლზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა, ბრიტანეთის სახელით, სრული მხარდაჭერა გამოხატეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ კოლეგებს, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
„დიდი ბრიტანეთის დელეგაციას საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები გავაცანით, რაც ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების წინაპირობა და გარანტია. ჩვენ ვისაუბრეთ ურთიერთობების გაძლიერებაზე, მიმოვიხილეთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები. მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ენერგოსექტორის და სხვადასხვა მიმართულებების შესახებ,“ – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
საქართველო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მეორე დღეა, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ მასპინძლობს, რომლის ფარგლებში საკომიტეტო და პლენარული სხდომების გარდა, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები