გიორგი მარგველაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის შეხვდა.
​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პაოლო ალის მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებისათვის.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების გზები და ქვეყანაში არსებული ვითარება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ძირითადი საკითხებისა, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა ასამბლეის პრეზიდენტთან განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ნატოს ექსპერტები ჩაერთონ და ერთობლივად შემუშავდეს რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გასაუმჯობესებლად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.
როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ განაცხადა, ალიანსი ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებებს და სწორედ ამის დადასტურებაა თბილისში საპარლამენტო სესიის ჩატარება. პაოლო ალიმ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია გადაიდგას საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნატოს არაწევრ ქვეყანაში ტარდება ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა და რომ საქართველო სწორედ ამ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვშია. პაოლო ალიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის არა მხოლოდ ჟესტი, არამედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი ნატოს მხრიდან.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სტაბილურობას არსებითი მნიშვნელობა აქვს მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და ევროპისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, რადგან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ის, რაც აქ ხდება, ნამდვილად მნიშვნელოვანია ნატოსთვის, ევროპისათვის და ვფიქრობ, ასევე, მრავალი სხვა ქვეყნისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან ფართო ხედვა უსაფრთხოების კონტექსტში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივების განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისა და მსოფლიოსთვის“,- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები