პრემიერ-მინისტრი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს
“ადაპტაცია მომავლისთვის”- ამ ლოზუნგით ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების კონფერენცია (GLOBSEC) გაიხსნა. საერთაშორისო ფორუმში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იგი სიტყვით გამოვა უსაფრთხოების პრობლემებისადმი მიძღვნილ სესიაზე -“აღმოსავლეთ სამეზობლო 2017.”
საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე გამართა მისასალმებელი შეხვედრა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) პრეზიდენტთან, რობერტ ვასსთან და ფორუმის საპატიო თავმჯდომარესთან, რასტისლავ კაჩერთან. კონფერენციის ორგანიზატორებმა გიორგი კვირიკაშვილს საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადეს.
რიგით მე-12 კონფერენციას 70 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი სტუმარი ესწრება. გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას იღებენ: სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა, პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
კალიულაიდი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობოტკა, სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები.