თამარ ჩუგოშვილი: სტრასბურგში წარსადგენ კანდიდატებზე შეცდომა აღარ უნდა დავუშვათ

„ხელისუფლებისთვის მთავარია, რომ სამივე კანდიდატი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან იქნება გაგზავნილი, იყოს იმდენად კარგი, რომ იქიდან შერჩევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება კომისიას, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევს, მისი თქმით, ამ კომისიაში ხელისუფლების გარდა, არიან წარმოდგენილი როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი.
“ჩვენი ამოცანა არის ის, რომ იყოს წარდგენილი იმდაგვარი სია, რომელიც არანაირ კითხვას არ გააჩენს და არ გამოიწვევს იმ შეცდომის გამეორებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა წარდგენის დროს. ეს დაახლოებით წინა კომისიის მსგავსია, თუმცა გარკვეული განსხვავებული შემადგენლობა არის. მე მომდის ინფორმაცია, რომ არის მცდელობა, რომ სანამ კონკურსი ჩატარდება, მანამდე მოხდეს პროცესის იმიჯის დაზიანება, რაც ქვეყნისთვის ცუდია”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების შესარჩევად, გასაუბრების ეტაპი დაიწყო. სამთავრობო კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კონკურსი ორ დღეს გაგრძელდება და სულ 23 კანდიდატს მოუსმენენ. ერთ-ერთმა კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა 25 მაისს, კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. სამთავრობო საკონკურსო კომისია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 5 კანდიდატს შეარჩევს, შემდეგ მთავრობას წარუდგენს, საიდანაც 3 კანდიდატი შეირჩევა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ერთი კანდიდატი შეირჩევა. ეს პოსტი ვაკანტური თებერვლიდანაა, თუმცა იმის გამო, რომ პირველ ჯერზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ არ მოხდა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების დამტკიცება, პროცესი გაჭიანურდა. სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელს, ნონა წოწორიას კი უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდა. ამ თანამდებობაზე კანდიდატი 10 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები