გიორგი კვირიკაშვილი: სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წავახალისებთ ემიგრანტებს, რომლებმაც ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში წვლილი შეიტანეს

„ჩვენი მხრივ, ხელს შევუწყობთ ჩვენი დიასპორის დაინტერესებას საქართველოში ბიზნესის წარმოებით, ასევე, გვაქვს იმედი, რომ თქვენ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, რათა საერთაშორისო ბიზნესწრეებში პოპულარიზაცია გაუწიოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს “, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.
​როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დიასპორის წარმომადგენლები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წახალისდებიან.
„გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ვხედავთ მზარდ ტენდენციას ჩვენი ქვეყნიდან წასული ადამიანების უფრო და უფრო მეტი ჩართულობისა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში. გასული წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიხილეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მხრიდან, რაც ძალიან იმედისმომცემია. ჩვენი მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობთ ჩვენი დიასპორის დაინტერესებას საქართველოში ბიზნესის წარმოებით, ასევე, გვაქვს იმედი, რომ თქვენ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, რათა საერთაშორისო ბიზნესწრეებში პოპულარიზაცია გაუწიოთ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს. ჩვენ სპეციალური ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამორჩეულად წარმატებული ადამიანები არიან და თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ქვეყნების წინსვლაში, სადაც ისინი ცხოვრობენ. ასევე, სპეციალური სახელმწიფო ჯილდოებით წავახალისებთ დიასპორის წარმომადგენლებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, უცხოეთში ქართული ეკლესიებისა და სამრევლოების რიცხვის ზრდა და გაძლიერება, რასაც საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით, აუცილებლად შევუწყობთ ხელს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ თანამემამულეს, რომელმაც წვლილი შეიტანა უცხოეთში ქართული ეკლესია-მონასტრებისთვის უძრავი ქონების შეძენის საქმეში. ამას უდიდესი როლი ენიჭება ჩვენი თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით. მინდა, თითოეული ჩვენი თანამემამულის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მის უწმინდესობას, იმისთვის, რომ ის მთელი ამ 40 წლის განმავლობაში, განსაკუთრებულ სითბოს უნაწილებდა თითოეულ ჩვენს თანამემამულეს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ის სითბო, რომელსაც ისინი იღებენ ჩვენი პატრიარქისგან. დიდი მადლობა ჩვენს პატრიარქს ამ განსაკუთრებული სითბოსთვის და განსაკუთრებული ზრუნვისთვის, რომელსაც ის იჩენს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ინიციატივას, რომლიც დაეხმარება ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, მის ეფექტიან თანამშრომლობას სამშობლოსთან, საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაციას და საერთაშორისო მხარდაჭერას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ იმართება. ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, ეფექტური გზების ძიებას.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ვიცე-პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები