ლევან იზორია: რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით მოდერნიზებას ვგეგმავთ

„მინდა, ალიანსის წევრ ქვეყნებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ამ პრაქტიკული ინსტრუმენტის ფარგლებში საქართველოს მიმართ იჩენთ“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნატოს საპარლამენტოს ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
​როგორც ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტრო რამდენიმე მიმართულებით მოდერნიზებას გეგმავს. მისივე თქმით, პროგრამის პრიორიტეტი იქნება ანტისატანკო სისტემის ჩამოყალიბება, ასევე, ანტისაჰაერო სისტემა და ავიაციის მოდერნიზება, არტილერიის ნატოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვა და ბუნებრივია, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება.
„ამ კონტექსტში, სწორედ პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, განსაკუთრებული როლი ენიჭება ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული და ითვალისწინებს 15 მიმართულებით აქტიურობას. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ალიანსის წევრ ქვეყნებს დიდი მადლობა გადავუხადო იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ამ პრაქტიკული ინსტრუმენტის ფარგლებში, საქართველოს მიმართ იჩენთ, რაც არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ჩვენი თავსებადობისა ნატოსთან და ჩვენი გარანტი იმისა, რომ მალე გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა“, – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროგრამა ნატოს პირველი სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა.
„ეს არის ყველაზე ამბიციური პროგრამა, რომელიც კი გვქონია დღემდე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან, რომელიც ითვალისწინებს 3 წლის განმავლობაში, ჩვენი შეიარაღებული ძალების ათასობით მოსამსახურის გაწვრთნას, ნატოს სტანდარტების მაქსიმალური უზრუნველყოფით, ასევე, ითვალისწინებს ამ ბატალიონების აღჭურვას ნატოს ადეკვატური ტექნიკით და ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ, ერთობლივად ავაშენოთ საბრძოლო მომზადების ცენტრი, ანუ შევქმნათ ინფრასტრუქტურა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს ინფრასტრუქტურა იქნება ნატო-საქართველოს ერთობლივი შეფასებისა და წვრთნების ფარგლებში, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების სინქრონიზება“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები