პრემიერი: მთელ მსოფლიოში გაფანტულ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად ავაშენებთ ძლიერ სახელმწიფოს

“მჯერა, რომ სწორედ თქვენთან ერთად, მთელ მსოფლიოში გაფანტულ  ჩვენს თანამემამულეებთან ერთად, ჩვენ შევძლებთ, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართული სახელმწიფოსთვის ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დიასპორის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობა იმ ქვეყნების ცხოვრებაში, სადაც ისინი მოღვაწეობენ.
„ჩვენი დიასპორის ასობით ათასი წარმომადგენელი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს რესურსს, ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში, საქართველოს, როგორც უძველესი ცივილიზაციის, უძველესი კულტურის პოპულარიზაციასა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დადებითი იმიჯის დამკვიდრების საქმეში.
თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიმართულებითაც, რომ ფართო აუდიტორია იყოს ინფორმირებული საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ. ამიტომაც ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენ ჩაერთოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებულ საინფორმაციო ცენტრებში და მათ საქმიანობაში მიიღოთ ძალიან აქტიური მონაწილეობა. ეს ცენტრები ემსახურება საქართველოს, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე ქვეყნის, იმიჯის წარმოჩენას.  ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი მექანიზმის – სახალხო დიპლომატიის  ეფექტიანი მუშაობა და ამ პროცესში თითოეული თქვენგანის მაქსიმალური ჩართულობა.
ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განათლების საკითხებს. ამიტომაც,  გადავწყვიტეთ, რომ გავზარდოთ დიასპორული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს ახალგაზრდებს, უცხოეთში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ქართული ენის შესწავლას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების მომავალი თაობებისთვის.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სამშობლოში ახალგაზრდა, პროფესიონალი კადრების მოსაზიდად. შევქმენით ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემთა ბაზა და ვიმუშავებთ აქტიურად ახალგაზრდობის თითოეულ წარმომადგენელთან, რათა არც ერთი მისხალი რესურსი არ დაიკარგოს ჩვენი ქვეყნისთვის. გაღრმავდება ასევე პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და დიასპორული სტაჟირების პროგრამა.
საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულო დაწესებულებებში ძლიერდება დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულება, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთ შევისწავლოთ დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები და რა თქმა უნდა, მივეხმაროთ მათ ამ პრობლემების გადაჭრაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი  – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ იმართება.
ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები