სოფიო ქაცარავა ბულგარეთის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ბულგარეთის დელეგაციის წევრებს, მილენ მიხოვს და ხრისტო გაჯიევს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა შეხვდა, რომელიც ამავე დროს, საქართველო – ბულგარეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია.
ბულგარელმა დეპუტატებმა ქართველ კოლეგებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქრთველოში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეას. ბულგარეთის დელეგაციის წევრებმა, თავისი ქვეყნის სახელით, სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ძირითადი საგარეო მიმართულებებისადმი, ევროატანტიკური ინტეგრაციისადმი, იმ დეკლარაციისადმი, რომელსაც 29 მაისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიიღებენ. ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეებმა დასახეს მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დასისლავა ივანოვა, საქართველოს მხრიდან საქართველო-ბულგარეთის მეგობრობის ჯგუფის წევრები ზაზა ხუციშვილი და ისკო დასენი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები