ირაკლი კობახიძე საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო, რომელსაც თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის წევრი მმართველი პარტიიდან ჰუსეინ შაჰინი ხელმძღვანელობს.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრეს. ყურადღება ბიზნესის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გამახვილდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საპარლამენტო ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ერთმანეთთან მჭიდროდ ითანამშრომლებს.
მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
ირაკლი კობახიძემ და საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა მიმოიხილეს. ჰუსეინ შაჰინის განცხადებით, თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქ დეპუტატებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა და მისგან გამომდინარე ცვლილებები გააცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმის ვიზიტის, რომელიც, მხარეების თქმით, ადასტურებს, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან მზარდი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებს. მხარეები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ ჩამოვედით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად და ამასთანავე, გვქონდა ორმხრივი შეხვედრები უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია საქართველოში ჩამოსვლა. მოგეხსენებათ, ორ ქვეყანას შორის, ყველა სფეროში არის არაჩვეულებრივი ურთიერთობა და ჩვენ გვინდა,რომ ეს ურთიერთობა წინ წავიდეს საპარლამენტო სფეროშიც და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ძლიერი საქართველო მნიშვნელოვანია თურქეთისთვის. ჩვენი მიდგომით, რაც უფრო ძლიერი იქნება საქართველო, მით უფრო ძლიერი იქნება თურქეთი. წელს აღინიშნება საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი და ამ თვალსაზრისით, ძალიან დიდი მადლიერება გამოვხატეთ ყველა იმ პირის მიმართ, რომლებიც მოღვაწეობენ ამ სფეროში. ზოგადად, ამ შეხვედრაზე, განვიხილეთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს საპარლამენტო ურთიერთობები, რა შეიძლება გაკეთდეს. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. მადლიერება გამოვთქვით ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამოხატული მხარდაჭერის გამო და აღვუთქვით, რომ მომავალშიც განვაგრძობთ მხარდაჭერას ნატოსა და ყველა სხვა ფორმატში, რომელიც ჩვენს ხელთ არის, ვინაიდან, ეს არის ურთიერთობები, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს გაძლიერება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შორის იკავებს ადგილს”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰუსეინ შაჰინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები