გიორგი მარგველაშვილი – ქართული სახელმწიფო ქვეყნის გამთლიანების გზაზე არასდროს, არცერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან!

საქართველოს შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე 300-მდე წვევამდელის სამხედრო ფიცი ჩაიბარა.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას, ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე ერს განვითარება, წარმატება და გამთლიანება უსურვა.
„მივესალმები ქართულ საზოგადოებას,

მივესალმები ქართულ ჯარს,

თქვენო უწმინდესობავ,

თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრემიერ-მინისტრო,

ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, საქართველოს მთავრობავ ,

მივესალმები პარლამენტის, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელებს,

მივესალმები დიპლომატიურ კორპუსს.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

დღეს, ამ საზეიმო ტრიბუნიდან, ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის გასაგონად, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმ ძირითად ღირებულებებს, რის ირგვლივაც გაერთიანებულია ჩვენი საზოგადოება და ჩვენი სახელმწიფო.

პირველ რიგში, მთელი მრავალეროვანი საქართველოს სახელით, მინდა დავუდასტურო ყველას, ჩვენს დევნილ მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპაციის ხაზს მიღმა ცხოვრობენ, რომ ქართული სახელმწიფო არასდროს დაიხევს არცერთი ნაბიჯით უკან ქვეყნის გამთლიანების, ტერიტორიული მთლიანობის გზაზე, რომ ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველაზე ძლიერი იარაღით, რაც წარმატებული საქართველოს მშენებლობაში გამოიხატება.

ეს მიზანი იქნება მიღწეული მშვიდობით და არა იარაღის ხარჯზე. ეს მიზანი იქნება მიღწეული ქვეყნის გამთლიანების მეშვეობით. დღესვე მინდა ხელახლა დავადასტურო, რომ ის შეკვეთა, რომელსაც ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში აძლევს ქართულ სახელმწიფოს, შეკვეთა, რომელიც ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს, იქნება წარმატებით მიღწეული.

ქართული სახელმწიფო მტკიცედ დგას ამ გზაზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით იმ წუთებს, იმ მომენტს, როდესაც როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო გადაწყვეტს გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მტკიცე საქართველოს თავის რიგებში გაწევრიანებით.

კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ქართველი ხალხის ურყევი ნება, ააშენოს ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს კულტურას, ჩვენს საზოგადოებას მისცემდა შესაბამის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, გააძლიერებდა ჩვენს პოლიტიკურ მრავალფეროვნებას და შექმნიდა ჭეშმარიტად მრავალი, სხვადასხვა ხმისგან ერთიან, პოლიტიკურ პროცესს. სამივე ეს მიზანი არის გაერთიანებული და ერთმანეთის შემავსებელი.

სამივე ეს მიზანი აერთიანებს ჩვენი ერის ერთიან სწრაფვას, მაგრამ ის, რაც ამ ყველაფერს აძლევს აზრს, ჩვენი თავისუფლებისაკენ სწრაფვაა.

26 წლის წინ ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და მთელი მსოფლიოს გასაგონად ნათლად ვთქვით, რომ საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. ჩვენ მართლაც შევძელით ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც ნამდვილად დამოუკიდებელია და თავის პოლიტიკას, თავის განვითარებას, ხალხის ნებით და არა რაიმე სხვა მიზეზით ახორციელებს.

მაგრამ გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე ჯერ კიდევ გასავლელია. თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ეფუძნება თავისუფალ საზოგადოებას და თავისუფალია საზოგადოება, როდესაც მისი ყოველი წევრი თავისუფალია.

თითოეული ინდივიდის თავისუფლება, თვითგამოხატვის უფლება არის ფუნდამენტი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს შექმნის. მაგრამ საიდან იწყება თავისუფლება? თავისუფლება ძნელად მოსაპოვებელია, იმიტომ რომ თავისუფლება, პირველ რიგში, შენი თანამოქალაქის, საქართველოს სხვა მოქალაქის უფლებების აღიარებაშია.

გეუბნებით, რომ არ არის ადამიანი თავისუფალი, რომელიც სხვა ადამიანის თავისუფლებას არ აღიარებს. ამიტომ იმათ, ვისაც თავისუფლება უმაღლეს ღირებულებად მიგაჩნიათ, ნუ იფიქრებთ იმის თაობაზე დღეს ვის მოუგეთ, ან ვისზე ძლიერები ხართ.

იფიქრეთ იმაზე დღეს ვის გაუგეთ და ვინ დაიცავით. ასე იქმნება მთლიანი ერი. ასე შეუქმნიათ ჩვენი ძლიერი საქართველო ჩვენს წინაპრებს. როგორც ქართული სიმღერის მრავალხმოვანება თავის თავში აერთიანებს მრავალ სხვადასხვა ხმას, მაგრამ ერთ ჰარმონიას ჰქმნის, ისევე, საქართველოს თითოეული მოქალაქის ხმა უნდა ისმოდეს ჩვენი ერის განვითარების ერთიან ჰარმონიაში – უზენაესი ღირებულება მაშინ იქნება ყოველდღიურობაში განხორციელებული.

ჩვენს ისტორიასაც რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ რამდენჯერაც გვითქვამს ჩვენი მოქალაქეების მიმართ სიტყვა: „ჩავრეცხოთ”, „განვდევნოთ”, „არ გვინდა”- იმდენჯერ ეს ძალიან ცუდად დაგვბრუნებია, ამიტომ უზენაესი ღირებულება საქართველოს თითოეული მოქალაქის თავისუფლებაა.

ეს სჯეროდათ ჩვენს წინაპრებს, ამის გვჯერა ჩვენ დღესაც და ასე განვაგრძობთ სვლას მომავალშიც. პოეტმა შეაჯამა ჩვენი წარსული და მომავალი ფრაზაში: „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი” და დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ვზეიმობთ, მე მინდა ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც იარაღით ხელში, ბრძოლის ველზე, ან შეიძლება, თავისი პირადი მაგალითით აჩვენა უზენაესი ღირებულების მნიშვნელობა.

დიდება მათ სულებს და სამარადისო ხსოვნა! კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს – საქართველოს!” – აღნიშნა მიმართვაში გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები