“საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს”

„26 მაისს ჩვენ ვზეიმობთ ქართული სახელმწიფოსთვის უმთავრეს დღესასწაულს, ყოველი ჩვენგანისთვის ძალიან ძვირფას დღეს – ვულოცავ მთელ საქართველოს. დღევანდელი დღე განსაკუთრებული და გამორჩეულად ამაღლებულია წვევამდელებისთვის, რომლებმაც საზეიმოდ დადეს საქართველოს ერთგულების ფიცი და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ“, – ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ წვევამდელები პირნათლად ემსახურებიან საქართველოს და ღირსეულად დაიცავენ ქართველი მეომრის სახელს.
„არ არსებობს იმაზე მეტი პატივი, ვიდრე სამშობლოს სადარაჯოზე დგომაა. გილოცავთ ყველას ფიცის დადებას და ჯარისკაცის საპატიო მისიის დაწყებას. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად ემსახურებით საქართველოს და ღირსეულად ატარებთ ქართველი მეომრის სახელს. მე ვისურვებდი, რომ ვაჟკაცობა, მეგობრობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მოყვასის სიყვარული მუდამ თქვენი მეგზური ყოფილიყოს. ყოველთვის გახსოვდეთ და იამაყეთ, რომ რუსთაველის ქვეყნიდან ხართ და უერთგულეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენი ერის ზნეობრივ კოდექსად იქცა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთანავე, გიორგი კვირიკაშვილმა დამოუკიდებლობის დღე  საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე  სამხედროებსაც მიულოცა.
„დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო საერთაშორისო სამშვიდობო მისიების მონაწილე ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს და ჩვენი შვილების მომავალს იცავენ, იცავენ მშვიდობას მსოფლიოში. წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ ამ დღეს ჩვენ ვუძღვნით შოთა რუსთაველს და მის უკვდავ „ვეფხისტყაოსანს“. ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ, ვუერთგულოთ და ვიცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხლობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა. დღეს საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს. დღევანდელ დღეს მინდა, ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანამიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ევროპამ ფართოდ გაუღო კარი.
„მჯერა, რომ სულ მალე დადგება დრო, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს. თქვენ რომ გიყურებთ, ამის რწმენა კიდევ უფრო მემატება. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ, ძლიერ ქვეყანას და ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ჩვენი ერთიანი სამშობლოთი“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები