“სიმბოლურია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა”

“საქართველოს ისტორია არის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის და შრომის ისტორია და ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ და ვიშრომოთ ჩვენი დამოუკიდებლობის შემდგომი განმტკიცებისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსთაველის გამზირზე, 26 მაისისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ძალიან სიმბოლურია, რადგან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სამდღიანი სესიის გახსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსთაველის წელთან ერთად აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩვენთვის რუსთაველიც არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რომ ამ სესიაზეც იქნება გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იხსნება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თავისუფლების მოედანზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები