პაოლო ალი: საქართველოს პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მაღლდება და მნიშვნელოვანი ხდება

„საქართველოს პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მაღლდება და მნიშვნელოვანი ხდება“, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ალიმ აღნიშნა, საქართველოს დაცვით და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ.
”ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ ძალიან ბევრი სამუშაო გასწია, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების, უშიშროების კუთხით, განსაკუთრებით ავღანეთში, საერთაშორისო მისიების კუთხით. მართლაც ძალიან დიდი წვლილია შეტანილი ქართველი ჯარისკაცების მხრიდან. ჩვენ უფრო მეტად და მეტად გვესმის, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის და ამ რეგიონის სტაბილურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის. საქართველოს დაცვით და მხარდაჭერით, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად, ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა. როგორც წესი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიები არ იმართება ნატოს არაწევრ ქვეყნებში. ეს მხოლოდ მეხუთედ ხდება მთელი ისტორიის განმავლობაში, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი საშუალება იმის სათქმელად და გამოსახატად, თუ რამდენად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საქართველოს რეფორმირების გზაზე. ძალიან ბევრი რამ იცვლება სამყაროში და იხსნება ახალი ჰორიზონტები, რომელიც მოიცავს და ეხება ირანს, ჩინეთს და სხვა, მაგრამ საქართველოს პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მაღლდება და მნიშვნელოვანი ხდება. ასე რომ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად  ვუჭერთ მხარს თქვენს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ერთი დემონსტრაციაა ამისა”, – განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები