არჩილ თალაკვაძე: ხვალიდან ნატოს 28 წევრი ქვეყნის ყურადღება მოპყრობილია საქართველოზე

„ის, რომ საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ტარდება ანუ ნატოს არა წევრ ქვეყანაში, არის კიდევ ერთხელ ძლიერი გზავნილი და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დასავლური სამყაროს მხრიდან  კარგი შანსია ქვეყნისთვის, რათა სტუმრები ადგილზე გაეცნონ საქართველოს მიღწევებს.
„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი დასავლური სამყაროს მხრიდან, ვინაიდან ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი თბილისში ნიშნავს, რომ ხვალიდან 28 წევრი ქვეყნის და 20 არაწევრი ქვეყნის ყურადღება პრაქტიკულად მოპყრობილია საქართველოზე, ჩამოდის 600-მდე მაღალი დონის სტუმარი საქართველოში და ეს არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ არაერთ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმებში ჩართულობის გამოცდილება, რომელთაც აქვთ პარლამენტში მუშაობის გამოცდილება, რომელთაც აქვთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ სამოქალაქო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ სრულიად მზად ვართ ამ ადამიანებს, ჩვენს სტუმრებს, ჩვენს მხარდამჭერებს ვაჩვენოთ, რომ საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნები, ეკონომიკა მართლაც არის შეუქცევადი. რეფორმები თავდაცვის სფეროში, რეფორმები საპარლამენტო მმართველობის მიმართულებით შეუქცევადია და ძალიან კარგი შანსია ჩვენთვის, რომ ეს ადგილზე ვაჩვენოთ ჩვენს მოკავშირეებს და სტუმრებს, თუმცა საპარლამენტო ასამბლეასთან მუშაობა, თანამშრომლობა, დიალოგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
ის, რომ საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ტარდება ანუ ნატოს არაწევრ ქვეყანაში, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არის კიდევ ერთხელ ძლიერი გზავნილი და მხარდაჭერა საქართველოს მიმართ”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები