არჩილ თალაკვაძე: ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ზურგის გამაგრება

ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და  ზურგის გამაგრება საქართველოსთვის, – ამის შესახებ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, დეკლარაციაში  გაკეთდება  ჩანაწერები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციისა და ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დეკლარაციის მიღების შემდეგ, საქართველოს შესახებ ბევრად მეტი ქვეყნის მთავრობა გაიგებს.
„ერთ-ერთ სესიაზე მოხდება მნიშვნელოვანი დეკლარაციის განხილვა, რომელზეც თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. დეკლარაცია ეს არის პოლიტიკური ტექსტი და მისი მთავარი დატვირთვა და მნიშვნელობა არის ის, რომ დეკლარაციის მიღების შემთხვევაში იგულისხმება,  რომ წევრი ქვეყნები და ყველა დელეგატი ამ ქვეყნებიდან, ეთანხმებიან იმ ტექსტს, იმ დეკლარაციას, რომელსაც კენჭისყრით დაამტკიცებენ.
ამ ტექსტში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერები გაკეთებული, რომელიც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, შეეხება საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციისკენ, ამასთან, იმ რეფორმების აღნიშვნასა და ხაზგასმას, რაც ჩვენ ჩავატარეთ. ბუნებრივია, ასეთი დეკლარაცია ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის ზურგის გამაგრება საქართველოსთვის, რადგან დეკლარაცია, რომელიც იქნება მიღებული, გამოადგება არა ჩვენ პოლიტიკოსებს, არამედ საქართველოს, სადაც ჩვენი ქვეყნის რეფორმების შესახებ იქნება მსჯელობა.
თუ დეკლარაციის მიღებამდე ჩვენს შესახებ,  ჩვენი ქვეყნის რეფორმების შესახებ საქართველოს მზაობის შესახებ  ინფორმაცია აქვს მსოფლიოს, დეკლარაციის მიღების შემდეგ ბევრად უფრო მეტი ქვეყანა, ბევრად უფრო მეტი ქვეყნის მთავრობა, ექსპერტები მიიღებენ უკვე საერთო შეთანხმებულ პოზიციას და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების შეფასებები. საქართველო მართლაც ლიდერია რეფორმების თვალსაზრისით, ჩვენ ვართ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საუკუნეების განმავლობაში, ამიტომ საქართველოსთვის ტოპ-რეფორმატორის სტატუსის საერთაშორისო აღიარება ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი შვილებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები