ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაცია მიიღო, რომელსაც აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ბრიჯიტ ბრინკი ხელმძღვანელობს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ყურადღება საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხსა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
„ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ბრიჯიტ ბრინკის ხელმძღვანელობით, ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, განსაკუთრებით, ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საკონსტიტუციო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება, განსაკუთრებით, ზედამხედველობის კუთხით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით კი, მისი საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეერთებულ შტატებში წარმატებული ვიზიტის ფონზე მიმდინარეობს. ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოხარულია საქართველოში დაბრუნებით და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლისთავი მიულოცა.
„ყველამ ერთად უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ყველაფრისათვის, რასაც საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის აკეთებს. განსაკუთრებით, გამოვყოფდი ქართველი სამხედროების მონაწილეობას ავღანეთის მისიაში. ასევე კვლავ გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და ვიზიარებთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროატლანტიკური გაერთიანების წევრი”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები