ვიქტორ დოლიძე: ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, თუ რამდენად დიდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაფიქსირდება „სპეციალური გზავნილი“, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატოს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს“ – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 26-29 მაისს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიების კომენტირებისას განაცხადა.
ამასთანავე, სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა დაგეგმილი ღონისძიება, მათ შორის, პოლიტიკური განცხადება, ბოლომდე მივა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ ექნება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მასშტაბური, მრავლისმომცველი ღონისძიება და ამავე დროს, ჩემი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, როგორც საქართველოსადმი, ასევე ნატოს ყველა წევრისადმი, თუ რამდენად დიდია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, გუშინაც განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და დღესაც აღინიშნა საქართველოსადმი ძალიან დიდი, მკაფიო და მკვეთრი ინტერესი, რასთან დაკავშირებითაც განცხადება ასევე გააკეთეს სხვა მაღალმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის, ჩვენმა მეგობარმა ჯეიმს აპატურაიმ. ჩვენ, არა მხოლოდ გეოგრაფიულად და ტექნიკურად ვატარებთ ამ სამიტს, არამედ მას მიენიჭება ძალიან მაღალი პოლიტიკური მნიშვნელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მივიღებთ საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალურ დოკუმენტს, განცხადებას, სადაც იქნება ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოთქმული როგორც ინტეგრაციული პროცესებისადმი, ასევე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი, რეფორმების მხარდაჭერისადმი. იქნება სპეციალური გზავნილი რუსეთის ფედერაციისადმი ისევე, როგორც ნატოსადმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთან მიმართებაში ნატო-ს გაფართოების ტალღა არ უნდა შეჩერდეს და საქართველო ნატო-ს წევრი უნდა გახდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გარდა გეოგრაფიული, სტრატეგიული მნიშვნელობისა, მას ძალიან სერიოზული პოლიტიკური მნიშვნელობა მიენიჭება“, – განაცხადა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები