„ბლოკი ცუდად იქნა გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან“ – უმრავლესობის წევრი ბლოკების აკრძალვის მიზეზებს განმარტავს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრმა, გიგა ბუკიამ საარჩევნო ბლოკების აკრძალვის მიზეზები განმარტა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ბლოკების სისტემა საშუალებას იძლევა, რომ კვალიფიციური პარტიის სტატუსი ხშირ შემთხვევაში იმ პარტიამაც მიიღოს, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა და პოლიტიკური გარიგების საშუალებით სახელმწიფოსგან დაუმსახურებლად იღებს იმ მთელ რიგ სიკეთეებს, რომელსაც კვალიფიციურ სუბიექტს ანიჭებს სახელმწიფო.
„ბლოკი ძალიან ცუდად იქნა გამოყენებული ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ერთ-ერთმა პარტიამ, რომელმაც 5% -იანი ბარიერი გადალახა, კვალიფიციურ პარტიად 7 პარტია გახადა. ეს არ იყო სამართლიანი მიდგომა. პარლამენტში იმ პარტიების არცერთი დეპუტატი არ შესულა, მაგრამ ისინი კვალიფიციურები გახდნენ. ეს გარიგებასავით გამოვიდა. გამოვიდა, რომ პარტიებს, რომლებსაც რეალურად მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ, აქვთ კვალიფიციური სუბიექტების სტატუსი და მთელი რიგი ის შეღავათები, რასაც სახელმწიფო აწესებს მათთვის. მათ შეუძლიათ გაერთიანდნენ, მოსახლეობას წარუდგინონ ერთობლივი ხედვა, ერთობლივად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ოღონდ მათ არ ექნებათ ბლოკის შექმნის საშუალება და მხოლოდ ერთი პარტია მიიღებს იმ კვალიფიციური სუბიექტის უფლებებს, რაც კანონით არის გაწერილი და არა ის 7 პარტია, რომლის სახელიც კი დამაარსებლის მეტმა არავინ იცოდეს. ცვლილების მიზანი არ არის რომ, რომელიმე პოლიტიკურ ძალას ხელი შევუშალოთ, ჩვენი მიზანია, რომ უფრო დიდი პოლიტიკური პარტიები გაჩნდეს და ასეთი გარიგებებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც კვალიფიციურ სუბიექტებს ანიჭებს სახელმწიფო“, – აღნიშნა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები