„უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მიწის თავისუფლად ყიდვის საშუალება არ ექნება“

„ყველგან, სადაც საჭიროა, იქნება ეს კონსტიტუცია თუ ორგანული კანონი, ყველა ბერკეტი გამოყენებული იქნება, რათა ჩაიწეროს პუნქტი, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მიწის თავისუფლად ყიდვის საშუალება არ ექნება“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრმა გიგა ბუკიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ბუკიას განცხადებით, სასოფლო სამეურნეო მიწის საკითხი მკაფიოდ იქნება გაწერილი კონსტიტუციაში, თუმცა მიწის დაუფლების ტოტალური აკრძალვა არ მოხდება. მისივე თქმით, კანონში საქართველოს იმ ყოფილი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც დღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, გამონაკლისები იქნება დაშვებული.
„უმრავლესობას არაერთხელ აქვს დადასტურებული, რომ მიწის ასეთი ფორმით გაყიდვა როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა უცხოელებზე, არ არის ჩვენთვის მისაღები. შიში ამ საკითხის მიმართ გაბუქებულია, ეს უბრალოდ პოლიტიკური ქულების დასაწერად გაკეთებული ხმაურიანი განცხადებებია. უმრავლესობამ არაერთგზის განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც საყოველთაო სახალხო განხილვები დასრულდება, პარლამენტში თითოეული პუნქტის და მუხლის განხილვა დაიწყება. დარწმუნებული ვარ, მიწის საკითხი კონსტიტუციაში მკაფიოდ იქნება გაწერილი. ზოგადად ტენდენცია იმის, რომ გარკვეული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოში სოფლის მეურნეობის მიწის უცხოელებზე გასხვისება არ არის მართებული. სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ საქართველოს მიწა საქართველოს მოქალაქეების იყოს. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც მოგვიანებით სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა, შეიძლება ანდერძით მიიღოს წინაპრებისგან მინიჭებული მიწა. ასეთი გამონაკლისები კანონმა უნდა დაუშვას, ტოტალური აკრძალვა ხელს შეუშლის საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს წინაპრების მიერ გადაცემული მიწა დაიბრუნონ“, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები