ირაკლი სესიაშვილი: ხვალ, საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იწყება – ეს ისტორიული დღეა

„ხვალ, საქართველოში იწყება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რაც ისტორიული დღეა“ – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას ოთხი დღის განმავლობაში უმასპინძლებს, რაც ჩვენი ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარებაა.
”დღეს ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების შეხვედრა გაიმართება და ხვალიდან ეს ცენტრი გადმოინაცვლებს თბილისში, სადაც დაიწყება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ნატოს ისტორიაში მხოლოდ ოთხჯერ ჩატარდა არაწევრ ქვეყანაში ასამბლეა. 2012 წლის შემდეგ საქართველო იქნება პირველი არაწევრი ქვეყანა, რომელიც ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს. შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში თბილისი ბრიუსელთან ერთად იქნება ნატოს პოლიტიკური ცენტრი, რაც არის ჩვენი ქვეყნის პროგრესის, დემოკრატიის, განვითარების, წარმატებების პირდაპირი აღიარება. ამ დღეს ჩვენ დიდი სიხარულით ვხვდებით. ხვალ არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მართლაც ამ შემთხვევაში ეს დღე ემთხვევა იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ტარდება ნატოს საპარლამენტო ასამბლეა. ჩვენ ქვეყანას აქვს უნიკალური შანსი წარადგინოს თავი საერთაშორისო ასპარეზზე”, – განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, 600-მდე დელეგატი ეწვევა თბილისს, მათ შორის 28 წევრი ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი, 20 არაწევრი ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნების დამკვირვებლები.
”სესიაზე სიტყვით გამოვლენ: საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. ნატოს წევრი ქვეყნების დელეგატები ეწვევიან საოკუპაციო ხაზს და გაეცნობიან იმ მიღწევებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანი და უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა საგაზაფხულო სესიაზე, როგორც წესი, არ იღებს ან იშვიათად იღებს რეზოლუციას ან დეკლარაციას, თუმცა, ამ შემთხვევაში გვაქვს პატივი, რომ ამ ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია იქნება მიღებული, რასაც მივესალმებით”, – აღნიშნა სესიაშვილმა.
საპარლამენტო ასამბლეაზე თბილისში ვერ ჩამოდის ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. როგორც ირაკლი სესიაშვილმა განმარტა, ეს სტოლტენბერგის აშშ-ში ვიზიტს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები