კახა კალაძე რეგიონული ენერგეტიკული სამიტის გახსნაზე – ჩვენი მთავარი ამოცანა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა

ჩვენი მთავარი ამოცანა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რეგიონული ენერგეტიკული სამიტის გახსნისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებს ენერგეტიკის სფეროში პროგრესის მიღწევის დიდი პოტენციალი აქვთ და ამ მიმართულებით წარმატებას აქვს გადამდები ეფექტი ეკონომიკის სხვა დარგებზეც.
„დღევანდელი „რეგიონული ენერგეტიკული სამიტი“ წარმოადგენს გასულ წელს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტის და გამართული ღონისძიების სახეცვლილებას. წელს სამინისტროს ინიციატივით ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ მისი მასშტაბი გაგვეფართოვებინა და შინაარსი, თემატური რაკურსი შეგვეცვალა ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებას უკავშირდება. დღეს უკვე წარმოვადგენთ აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წევრს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი რეფორმატორული საქმიანობისათვის ოპტიმალური დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც, ასევე, მორგებული იქნება რეგიონის სპეციფიკას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
სამიტში ასევე მონაწილეობენ საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის ხელმძღვანელი ვინსენტ რეი, თურქეთის ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწე ფათიჰ დონმეზი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ და სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აიაკ არუთინიანი, ასევე, საქართველოს მთავრობის, კერძო და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.
სამიტზე განიხილება რამდენიმე საკითხი, მათ შორის: საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად გატარებული რეფორმები და მათი ზემოქმედება ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე; ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და ვაჭრობის ხელშეწყობისათვის საჭირო რეგიონალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა; ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრა და დაფინანსება. EU4ENERGY წარმოადგენს ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის ოთხწლიან პროგრამას, რომელიც დაიწყო 2016 წლის ივნისში. EU4ENERGY-ის მესამე კომპონენტი, „საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემო და საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა“, ფინანსდება ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადაფინანსებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელნი არიან “ენერგეტიკული გაერთიანებისა” და “ენერგეტიკული ქარტიის” სამდივნოები. მისი მიზანია ენერგეტიკულ სექტორში საკანონმდებლო და სარეგულაციო გარემოს გაუმჯობესება და საკვანძო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების განსაზღვრა.
ინიციატივა მოიცავს ექვს ქვეყანას: მოლდოვას, უკრაინას, სომხეთს, საქართველოს, აზერბაიჯანსა და ბელარუსიას. G4G – „მმართველობა განვითარებისათვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდასაჭერად.
სამიტი ეძღვნება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს და იმართება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G -ის და ევროკავშირის EU4ENERGY-ის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები