ზვიად ძიძიგური და ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი, ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე ოფიციალური ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებიან.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 27-28 მაისს, ქართველი კანონმდებლები ფლორიდაში, საერთაშორისო კონსერვატიულ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
ზვიად ძიძიგურის თქმით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ამერიკის და ევროპის, ისე, სამხრეთ ამერიკის და კანადის კონსერვატორები.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ამერიკელ და ევროპელ კონსერვატორებთან მათ შორის, ფლორიდის გუბერნატორ, რესპუბლიკელ – რიკ სკოტთან, კანადის მთავრობის წევრ, კონსერვატორ ჯეისონ კენისთან, კოლუმბიის სენატორ-ივან მარკუს დუქუესთან, ევრო პარლამენტის წევრებთან: სტივენ ვულფთან, კონსერვატორ დანიელ ჰანანთან, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” წევრ თომა ფორებასთან. დეპუტატები ასევე, შეხვდებიან დემოკრატიული პარტიის წევრ და „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმატორების ალიანსის” პრეზიდენტს იან ზაჰრადილს.
საქართველოს პარლამენტის წევრები: კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური და კონსერვატიული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნინო გოგუაძე ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების კონსერვატორებსა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებთან.
„პირველად ხდება, როდესაც საქართველოდან მიწვეულია კონკრეტული პარტია. ჩვენ, როგორც კონსერვატიული ფრაქციის წარმომადგენლებში პარლამენტში, ამ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მივემგზავრებით. სწორედ იმ დროს, როდესაც ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ღრმავდება ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტიებს შორისაც ასეთი დაახლოება მიმდინარეობს. ჩვენი მიზანი იქნება, ვცადოთ შემდეგი საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარება, რათა მთელმა კონსერვატორებმა, რომელთა ძალა აშკარად იზრდება მსოფლიოში, თავი საქართველოში მოიყარონ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები