ეკა ბესელია: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზად არის, დააკვირდეს გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებულ გამოძიების პროცესს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზად არის, დააკვირდეს გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებულ გამოძიების პროცესს, გამოითხოვოს მასალები და გაეცნოს მას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ობიექტური ინფორმაცია წარმოადგინოს.
”ზოგადად, რა ვითარებაც ჩანს, იკვეთება, რომ არ არის ცალმხრივი სიმართლე. მინიმუმ საჭიროა, საგამოძიებო ორგანომ გამოიძიოს ჩხუბში მონაწილეთა როლი – ვის რა როლი ჰქონდა და რა პასუხისმგებლობა შეიძლება ეკისრებოდეს. ვიდეომასალებში საკმაოდ არასასურველი ვითარება ჩანს და მომხდარი ოთხი თვის წინ იყო, თუ ერთი თვის წინ, საკმაოდ მძიმეა”, – განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება 13 მაისს მოხდა.
დღეს კი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც 2016 წლის 24 დეკემბერს, ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტია ასახული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს ავტორი ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს იარაღით ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები