კახა კალაძე: ევროპა ჩვენი სახლია – ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ბუნებრივი სივრცე

,,ევროპა ჩვენი სახლია – ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ბუნებრივი სივრცე“ – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, სადაც ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეებისთვის და მისი მოადგილეებისთვის სემინარი – ,,ევროპა-საქართველოს ისტორიული არჩევანი” მიმდინარეობს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით.
მისივე განმარტებით, ის მოხარულია, რომ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება უკვე ტრადიციად იქცა და ყოველწლიურად ტარდება.
,,ევროპა ჩვენი სახლია – ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ბუნებრივი სივრცეა. საქართველო იმყოფება საინტერესო და ამავდროულად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ჩვენ ვართ ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საუკუნეებია ჩვენზე გადის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური გზები, ინტერესები და გავლენები. ჩვენი თვითმყოფადობა და უნიკალურობა სწორად ამ მრავალფეროვნებაშია, სწორ პრიორიტეტებსა და მისწრაფებებში.
ჩვენი ღირებულებები – ჩვენი წინაპრების ღირებულებები ჯდება იმ თანამედროვე, ევროპული მორალის და მსოფლმხედველობის სტანდარტში, რისკენაც ვილტვოდით საბჭოთა იმპერიის ტყვეობაში ყოფნისას. ჩვენ დავბრუნდით. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, ჩვენი საზოგადოებისთვის ღირებულს, ვინაიდან მხოლოდ განახლება, მხოლოდ თანამედროვე მსოფლმხედველობა, ჯანსაღი პატრიოტიზმი და ტოლერანტობა დაგვაბრუნებს ჩვენს ჩვეულ გარემოში”,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები ეტაპობრივად უკვე რეალობად იქცა.
,,როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ საქართველომ დაასრულა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი და ჩვენი მოქალაქეები უკვე სარგებლობენ ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით. საქართველოსთვის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვან ინტეგრაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს სამომავლო განვითარების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არის საიმედო პარტნიორი. “ასოცირების შესახებ შეთანხმების” ხელმოწერით, ჩვენ მორიგი დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ გამოწვევას საქართველოსთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო, რასაც მოჰყვება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება ევროკავშირსა და საქართველოს შორის”, – განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ დაასრულა ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ძალაში შესვლის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები.
,,როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს ძირითად პლატფორმას იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ ევროკავშირსა და მის ენერგეტიკულ ბაზარს. გაერთიანების წევრობა პოზიტიური სიგნალია ინვესტიციების მოზიდვისთვის. ენერგეტიკის სექტორის მაგალითი თვალსაჩინოს ხდის იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელსაც საქართველო ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შედეგად მიიღებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა ევროკავშირთან, მიიღო ვიზალიბერალიზაცია და გახდა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლების ყველა შტომ, საზოგადოების ყველა წევრმა, ყველამ -თავის ადგილზე და თავისი კომპეტენციის და ცოდნის ფარგლებში ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ საქართველო გახდეს არა მარტო წევრი ევროპის დიდი ოჯახის, არამედ შეისისხლხორცოს, გაითავისოს და ქვეყნის პროგრესს მოახმაროს ყველა ის სიკეთე, რასაც ეს ოჯახი გვაძლევს.
,,ჩვენი ერის დიდი მამები – დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა- ფშაველა, ნიკო ნიკოლაძე… და საქართველოს სიყვარულით გულანთებული მრავალი პატრიოტი ხედავდა ერთიანი საქართველოს მომავალს, ჩვენ მათი ოცნებები უნდა ვაქციოთ რეალობად და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გახდეს თანამედროვე, დემოკრატიული, ეროვნული ფასეულობების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე განვითარებული და თავისუფალი ქვეყანა”,- აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები