ირაკლი კობახიძე: ბერლინში გამართული კონფერენციის შედეგები მოლოდინს შეესაბამება

„ჩვენი ორდღიანი კონფერენციის შედეგები შეესაბამება იმ მოლოდინს, რომელიც ამ ყველაფერთან დაკავშირებით გვქონდა”, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბერლინში, კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით გამართული კონფერენცია.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული დახვეწილი პროექტი ვენეციის კომისიისა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან მაღალი შეფასების გარანტიაა.
„ჩვენ შევიმუშავეთ ძალიან დახვეწილი პროექტი და ეს არის იმის გარანტია, რომ ვენეციის კომისიის მხრიდან, ისევე, როგორც ზოგადად, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან, ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ძალიან მაღალ შეფასებას მივიღებთ. დოკუმენტი კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს შეესაბამება”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც, ვენეციის კომისიას რეკომენდაციები შეიძლება, ჰქონდეს. ირაკლი კობახიძის ვარაუდით, შესაძლოა, ვენეციის კომისიის მდივნის განცხადება ბონუსის სისტემის დაზუსტებას უკავშირდებოდეს.
„შეიძლება, იყოს გარკვეული საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეიძლება მივიღოთ რეკომენდაციები ვენეციის კომისიის მხრიდან და ეს რეკომენდაციებიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს ერთგვარი მინიშნება ბონუსის დაზუსტებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ალბათ, არ არის არცერთი სხვა არსებითი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება არსებობდეს რაიმე პრინციპული ხასიათის სამართლებრივი შენიშვნა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ვენეციის კომისიის მდივანმა, დღეს, მედიასთან საუბრისას, განაცხადა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი საკვანძო წინგადადგმული ნაბიჯია და აღნიშნა, რომ საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც.
„ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი არის საკვანძო წინგადადგმული ნაბიჯი. ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ – პროექტი კარგია, საჭიროა გარკვეული გაუმჯობესებაც. ვფიქრობ, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა კომპრომისის გამონახვა, რომელიც კონსტიტუციის ტექსტთან დაკავშირებით, საერთო კონსესუსს მოიტანს”,- განაცხადა თომას მარკერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები