ბარამიძე თვითმმართველობის რეფორმას აკრიტიკებს – „ხელისუფლებამ თვითმმართველობის შეზღუდვები დაიწყო“

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა ბარამიძემ თვითმმართველობის რეფორმა გააკრიტიკა. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თვითმმართველობის არსებული სისტემა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი სახალხო ჩართულობა ყოფილიყო მართვაში, დაგეგმილი ინიციატივით კი ხელისუფლება არჩევნებისთვის სტრუქტურის სათავისოდ მორგებას ცდილობს.
„პირველი, რასაც „ქართული ოცნება“ 2012 წელს საუბრობდა, იყო ის, რომ თვითმმართველობა ფუნდამენტალურად უნდა გავრცობილიყო და პირველ დონეებამდე დასულიყო, მაგრამ გავიდა რამდენიმე წელი და დაიწყეს თვითმმართველობის შეზღუდვები. ერთიანდება მერი და გამგებელი. ეს არ არის კარგი, ეს არის ძალიან ცუდი. ხდება აღრევა, არ იქნება გამოკვეთილი ფუნქციები. თვითმმართველობის უპირველესი ფუნქციაა ინიციატივების ქვემოდან მიღება და ქვედა რგოლებამდე დასვლა. ეს გაერთიანება ამის საშუალებას არ იძლევა. ხდება გამსხვილება, რაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სოფლის, თემის, დაბის, დასახლების, ქუჩის, სოციალური პრობლემატიკა გადაწყდეს. ისევ უნდა შეიქმნას ვერტიკალი. ან რატომ გააკეთეს ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, ან ახლა რატომ ცვლიან.
ხელისუფლება ამით ცდილობს, არჩევნებისთვის სათავისოდ მოირგოს სტრუქტურა, რომელიც იძლეოდა იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი სახალხო ჩართულობა ყოფილიყო მართვაში. ეს ცვლილებები ამის საშუალებას აღარ იძლევა. გლეხს თუ ჰქონდა თავისი პრობლემების ქვედა დონეზე მიტანის საშუალება და შესაძლებელი იყო, იქ დაწყებულიყო ამ საკითხის გადაწყვეტა, ახლა მას დასჭირდება რამდენიმე საფეხური გამოტოვოთ და მისაღებში ჩადგეს რიგში, რომ როგორმე ეს საკითხი მიიტანოს იმ ორგანომდე, რომელიც ან გადაწყვეტს, ან ვერა მის პრობლემას“, – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები